უცხო ქვეყანაში წასვლისას ორი რამ უნდა გაითვალისწინო: იქაური ქუდი დაიხურო და ქუჩის საჭმელი აუცილებლად გასინჯო. მართალია, ბევრი ადამიანი გარეთ ჭამის იდეას მაინცდამაინც არ სწყალობს, მაგრამ თუ გინდა ადგილობრივი სამზარეულოს ჭეშმარიტი გემო შეიგრძნო და კულტურასაც უფრო დაუახლოვდე, მდიდრული რესტორნის ნაცვლად, სჯობს ქუჩას მიაშურო. ასე კვება გაცილებით იაფია და, ცოტა ხნით მაინც, თავს ადგილობრივად გაგრძნობინებს. თუ მალე მოგზაურობას აპირებ და ჯერაც ვერ მოიფიქრე რომელი კერძები გასინჯო, მაშინ ეს სია აუცილებლად გამოგადგება. ხოლო თუ გარეთ ჭამა მაინც არ გიზიდავს, შეიძლება ამ სტატიის ბოლოს აზრიც შეიცვალო.

გირო (საბერძნეთი)

ფოტო: Joshua Resnick / Shutterstock

საბერძნეთში არა მხოლოდ ძლევამოსილ ღმერთებს უძღვნიან მითებს, არამედ კერძებსაც. ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელი ხმალზე სხვადასხვა სახის ხორცს აცვამდა და ღია ცის ქვეშ ცეცხლზე ნელა წვავდა – სწორედ ასე დაიბადა გირო, საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ქუჩის საჭმელი. ბერძნები სიარულის დროს იშვიათად ჭამენ, მაგრამ გირო ამ მხრივ გამონაკლისია. ის საქონლის, ხბოს ხორცის ან ორივეს კომბინაციით მზადდება და ერევა პომიდორს, ხახვს, ძაძიკის სოუსს და ზოგჯერ, კარტოფილ ფრის. ბერძნული ღირსშესანიშნაობებით დაღლილ მოგზაურს ეს კერძი ნამდვილად დაეხმარება ენერგიის აღდგენაში.

ანტიკუჩო (პერუ)

ფოტო: claudiio Doenitz / iStock

ანტიკუჩო ქართულ მწვადს ძალიან ჰგავს. რეცეპტიც კი თითქმის ერთნაირია: ხბოს ხორცი ამოვლებულია ძმარში, ნიორში, ადგილობრივ სანელებლებსა და წიწაკაში. სურვილისამებრ, შეგიძლია სოკო, კარტოფილი ან სტაფილო მიაყოლო. ტრადიციულად, ანტიკუჩოს სპეციალურ სოუსთან ერთად მიირთმევენ, რომელიც ლუდის, ნიორის, ძმრის და ლიმნის წვენის შეზავებით მზადდება. მადისაღმძვრელად გამოიყურება, არა?

შემწვარი ბანანის ჩხირები (ფილიპინები)

ფოტო: Viacheslav Dubrovin / Dreamstime

ფილიპინებზე შემწვარი ბანანის ჩხირები ძალიან პოპულარულია. ყავისფერ შაქარში კარამელიზებულ ბანანებს, როგორც წესი, ბამბუკის “შამფურებზე” აცვამენ. ფილიპინელები ამ დესერტისთვის სპეციალურ მყარ ბანანებს იყენებენ. ასე რომ, გასინჯვად ნამდვილად ღირს.

ბან მი (ვიეტნამი)

ფოტო: xuanhuongho / shutterstock

ბან მიმ ვიეტნამის ქუჩები მეოცე საუკუნეში დაიპყრო. ერთი შეხედვით, კერძი ჩვეულებრივ სენდვიჩს წააგავს, მაგრამ სინამდვილეში ტრადიციული ვიეტნამური ინგრედიენტებისგან შედგება. ხორბალი ან ბრინჯი ხშირად ერთ ან რამდენიმე ხორცის ნაჭერშია გახვეული. ისე ვიეტნამელების არ იყოს, ბან მიზე არც ჩვენ ვიტყოდით უარს.

ბუნგა პანგი (სამხრეთ კორეა)

ფოტო: NavyBank / Shutterstock

თევზის ფორმამ არ შეგაშინოს, ბუნგა პანგი ნამდვილად ტკბილეულია. ის ვაფლია და ძირითადად ზამთარში იყიდება. ყველაზე საინტერესო კი მისი შიგთავსია — ტკბილეული დატენილია წითელი ლობიოს ტკბილი ჯემით, რომელიც სამხრეთ კორეაში ძალიან პოპულარულია.

ბანი ჩაუ (სამხრეთ აფრიკა)

ფოტო: Wesley Lazarus / shutterstock

ერთი შეხედვით, ბანი ჩაუ ნამდვილად არ ჰგავს ქუჩის საჭმელს და რესტორნის ძვირადღირებული კერძივით გამოიყურება. პურის ყუა ამოვსებულია სამხრეთაფრიკული სხვადასხვანაირი მცენარის ფესვებით, ქათმის ან ბატკნის ხორცით და შეზავებულია პომიდვრის სოუსში. ასე რომ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას თუ აპირებ, ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი გაქვს!

კრეპი (საფრანგეთი)

ფოტო: Felipe Portella on Unsplash

საფრანგეთი დესერტების ქვეყანაა და სწორედ ამიტომ, ქუჩაშიც ტკბილეულს მიირთმევენ. კრეპი პარიზის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯში შეგხვდებათ. მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ, მაგრამ ფრანგული ტკბილეულის გასასინჯად პარიზში მოგზაურობის დაგეგმვა მაინც ღირს.

ქარივურსტი (ბერლინი)

ფოტო: Claudio Schwarz / unsplush

თუ ბერლინში ნამყოფი ხარ, დიდი ალბათობით, ქარივურსტი გასინჯული გექნება. ეს კერძი ბერლინში ჰერტა ჰოივერმა 1949 წელს შექმნა, მას შემდეგ რაც ქარის სუნელი და კეტჩუპი ბრიტანელი ჯარისკაცებისგან მოიპოვა. ჰერტამ ეს ინგრედიენტები შემწვარ სოსისს დაასხა და სრულიად ახალი გემო მიიღო. ჰერტას სტენდიდან ქარივურსტის პოპულარობის პიკში 10 000 პორცია იყიდებოდა. დღეს ბერლინში ქარივურსტის მუზეუმიც არსებობს. ეს არის კერძი, რომლის ისტორიაც გერმანიისა და მისი დედაქალაქის ისტორიასთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

ჯელატო (იტალია)

ფოტო: Felipe Portella / Unsplash

მართალია, ჯელატო ნაყინად ითარგმნება, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იტალიური ნაყინი ამერიკულისგან საკმაოდ განსხვავდება. ინგრედიენტები ნაყინსაც და ჯელატოსაც თითქმის ერთნაირი აქვს, მაგრამ ჯელატო ბევრად უფრო დაბალკალორიულია და ნაკლებ კარაქს შეიცავს. შესაბამისად, ბევრად უფრო ჰაეროვანი და მსუბუქიცაა.

რამენი (იაპონია)

ფოტო: Hari Panicker / unsplush

საინტერესოა, ნარუტო წყალს უფრო ხშირად სვამს თუ რამენს უფრო ხშირად მიირთმევს?! სახელდახელოდ მომზადებული ნუდლსი, ქათმის, იხვის ან ხბოს ხორცის წვნიანი და ნახევრად მოხარშული კვერცხი ჩვეულებრივი სუპის ინგრედიენტებს კი ჰგავს, მაგრამ გემოთი მისგან ნამდვილად განსხვავდება. ქართველი ბავშვები ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ, ყოველდღე ბორშის ნაცვლად რამენს რომ ჭამდნენ.

ტანგჰულუ (ჩინეთი)

ფოტო: Openfinal / Shutterstock

ჩინური დესერტი, ერთი შეხედვით, მწვადის შამფურს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ბამბუკის ჯოხზე აცმული შაქრის სიროფში ამოვლებული ხილია. თუ ჩინეთში აპირებ მოგზაურობას, აუცილებლად გვითხარი, ჩვენი ჩურჩხელა უფრო გემრიელია, თუ მათი ტანგჰულუ.

თევზი და ფრი (ინგლისი)

ფოტო: Neil langan / Shutterstock

მართალია თევზი და ფრი კლასიკური ინგლისური საჭმელია, მაგრამ ფესვებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს. მაგალითად, ფრი საფრანგეთიდან მოდის, შემწვარი თევზი კი – პორტუგალიიდან, თუმცა, კომბინაციაზე საავტორო უფლებები ნამდვილად ინგლისს ეკუთვნის.

მანგო და ბრინჯი (ტაილანდი)

ფოტო: Makidotvn / Dreamstime

მანგო ტაილანდის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. ხილთან ერთად, ძირითადად ტკბილ ან მლაშე ბრინჯს მიირთმევენ, რომელიც ქოქოსის რძითაა შეზავებული.

ჰოთდოგი (ამერიკა)

ფოტო: Mark Solarski / Unsplash

ქუჩის საჭმელზე საუბრისას ყველას პირველ რიგში ამერიკული ჰოთდოგი ახსენდება. პურში გახვეული კეტჩუპმოსხმული სოსისი მთელი მსოფლიოს გარშემო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, ჰოთდოგი ყველა ქვეყანაში ძალიან უყვართ, მაგრამ ამერიკელებს ამ მხრივ ვერავინ აჯობებს.

ხაჭაპური (საქართველო)

ფოტო: Anfoto / Shutterstock

ხაჭაპური ამ სიაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ფენოვანი და იმერული ხაჭაპური ქუჩაში საჭმელად საკმაოდ მოსახერხებელია, თუმცა ქართული სტრიტ ფუდს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს: სადაა მჭადში ჩადებული სხვადასხვა ტიპის ყველი და ფხალეული? რატომ არ იყიდება ღომისა და ხარჩოს პატარა, მოსახერხებელი პორციები და ასე შემდეგ…

დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე იაფი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze