შორეული მოგზაურობის დაგეგმვა ბავშვებთან ერთად არცთუ მარტივი პროცესია. მშობლები, როგორც წესი, თავს არიდებენ ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას განსაკუთრებით მაშინ, თუ მგზავრობა რამდენიმე საათზე მეტ ხანს გრძელდება ან საზღვრების გადაკვეთას ითვალისწინებს. ახალბედა მშობლებს კი შვილებთან ერთად მოგზაურობა მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში წარმოუდგენიათ ხოლმე.

სპონტანურობა ასეთი მოგზაურობისას თითქმის გამორიცხულია და დიდხნიან დაგეგმვას საჭიროებს, თუმცა, ბავშვების განვითარებისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა და ცდად ნამდვილად ღირს.

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ წესებს, რომელიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის და თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ უსიამოვნებებს.

1. საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი

ფოტო: Sergey Osokin / Dribbble

რა საბუთები ან პროცედურებია საჭირო ბავშვთან ერთად საზღვრის გადაკვეთისას? პასუხი ძალიან მარტივია, — აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს პასპორტი, რისთვისაც საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის (ანუ ორივე მშობლის) თანხმობა. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობითი ფორმით და იყოს სანოტარო წესით დამოწმებული. ასევე, თანხმობა გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც. თუ არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია ან არ ჰყავს მეორე წარმომადგენელი, მაშინ პასპორტის გაცემაზე მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაც საკმარისია.

2. ტურის დაგეგმვა და სასტუმროს არჩევა

პირველი მოგზაურობა ბავშვისთვის შესაძლოა ძალიან საინტერესო არ იყოს, მაგრამ თუ სწორად შეარჩევთ ადგილს და სასტუმროს, სიტუაცია უფრო გამარტივდება. ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, თუ ბავშვის აზრსაც გაითვალისწინებთ და ჰკითხავთ, როგორ გარემოში წარმოუდგენია თქვენთან ერთად მოგზაურობა. სასტუმროს ან საოჯახო ტიპის საცხოვრებლის შერჩევისას კი, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რამდენად ადაპტირებულია სივრცე ბავშვებისთვის და გამოირჩევა თუ არა მომსახურე პერსონალი ბავშვებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით.

3. შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი

გარემოს ცვლილება ზრდასრულებისთვის მეტ-ნაკლებად მარტივია, მაგრამ ეს ბავშვებზე არ ვრცელდება. ამიტომ, აუცილებელია ზუსტად იცოდეთ როგორი კლიმატი დაგხვდებათ დანიშნულების ადგილას და თან წაიღოთ შესაფერისი ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ ბარგსაც, რაც, დამეთანხმებით, რომ ბავშვთან ერთად მგზავრობისას, არც ისე სასიამოვნოა.

4. საჭიროების შემთხვევაში აამოქმედეთ გეგმა “ბ”

თვითმფრინავით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, სწრაფი და უსაფრთხო საშუალებაა დიდებისთვის, თუმცა პატარებისთვის შეიძლება მოსაწყენი, უინტერესო და დამღლელი იყოს. მოემზადეთ უამრავი შეკითხვისთვის, როგორებიცაა: რამდენ ხანში ჩავალთ? და მაინც რამდენში? უკვე ჩავედით? ამიტომაც, სჯობს თან იქონიოთ სუპერსაინტერესო სათამაშოები, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე დაშვებულია.

ერთი სიტყვით, ყველანაირი გამოწვევისთვის უნდა იყოთ მზად!

5. უძილო ღამეები

ფოტო: BluBlu Studios / Dribble

გამოცდილი მშობლებისთვის უძილო ღამეები უცხო არაა, თუმცა ბავშვების შემთხვევაში ეს ყურადღებას საჭიროებს. მგზავრობის შედეგად ძილის დროებითი დარღვევა იწვევს დაღლილობას, მოთენთილობას და ზოგჯერ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. დარღვევა დროებითია, მაგრამ ის ხელს უშლის ადამიანს დასვენების დღეების კარგად გატარებაში. ამიტომ, მგზავრობის წინ, აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.

6. ყურადღება, ყურადღება!

ფოტო: Ariel Monjes / Dribbble

ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, თან იქონიეთ საბავშვო დასაკეცი ეტლი ან მცირე ზომის სამგზავრო მანეჟი. საბავშვო დასაკეცი ეტლები თვითმფრინავის კართან ან ტრაპთან უნდა ჩააბაროთ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს, რომელიც მათ უსაფრთხოდ შეინახავს და მგზავრობის დასრულების შემდეგ უკან დაგიბრუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩვილის ავტოსავარძელს იმ რიგებში ვერ მოათავსებთ, რომლებიც საევაკუაციო გასასვლელებთან ან უშუალოდ მათ წინ და უკან მდებარეობს, ამიტომაც ყურადღებით შეარჩიეთ ადგილები.

პ.ს. მადლობა ყურადღებისთვის.

7. მხოლოდ საჭირო ნივთები!

გამგზავრებამდე შეიძინეთ პრაქტიკული და კომფორტული ჩანთა, რომელშიც, საბუთებთან ერთად, მოათავსებთ საკვებს. ეცადეთ, თან იქონიოთ საკმარისი საკვები ან სასუსნავი, რადგან მგზავრობა დამღლელი პროცესია და ამასთან, ბავშვის მოთხოვნილებაც დროულად უნდა დააკმაყოფილოთ.

დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.

Facebook კომენტარები