ავიაკომპანია Ryanair-ი  აცხადებს, რომ ამიერიდან ბორტზე აღარ დაუშვებს მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები Kiwi.com-დან იყიდეს. Kiwi.com ავიაბილეთების ცნობილი საძიებო პორტალია.

Ryanair-მა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი „ლოუქოსთერია“, ანუ მგზავრებს შედარებით ბიუჯეტურ ფრენებს სთავაზობს, ეს სანქცია 18 აგვისტოს დააწესა. კომპანიამ Kiwi.com-ის მიერ მოწოდებულ ჩასასხდომ ტალონებს ყალბს უწოდებს და ამბობს, რომ მათი გაცემის პროცედურა ევროკავშირის პროტოკოლს ეწინააღმდეგება. კერძოდ, არღვევს უსაფრთხოების სტანდარტებს. გარდა ამისა, აღნიშნული რესურსისთვის ავიაკომპანიას არ მიუცია ბილეთების გაყიდვის უფლება.

„დღეიდან Ryanair-ის ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც Kiwi.com-ის ჩასასხდომი ტალონი ექნება, სამწუხაროდ, უარს ვეტყვით ბორტზე ამოსვლაზე, რადგან ისინი არ შეესაბამება Ryanair-ის უსაფრთხოების პროტოკოლს“, — ამბობს კომპანია 18 აგვისტოს განცხადებაში.

ავიაკომპანია მომხმარებელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მესამე პირებთან ბილეთების შეძენისგან და რეისებზე ადგილი მხოლოდ ავიაკომპანიის ვებსაიტზე შეიძინონ, ან გამოიყენონ აპლიკაცია.

წყარო: netgazeti.ge

წყარო: https://avianews.ge/ryanair-i-bortze-ar-aushvebs-mgzavrebs-romlebmats-bilethebi-kiwi-com-ze-sheidzines/

Facebook კომენტარები