ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ავიაკომპანიებმა ქაბულის მიმართულებით რეისები შეაჩერეს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენებაზეც უარი თქვეს. საქართველოდან ავღანეთის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო რეისები არ სრულდებოდა.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს ავღანეთის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე აქტიურად ოპერირებდა ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ი.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელი რატი ძერია AviaNews-თან საუბარში აცხადებს, რომ Easy Charter-ი ავღანეთში საერთაშორისო მისიებს ემსახურებოდა და ბაგრამის და ​ქაბულის კარზაის აეროპორტის მიმართულებით თვის განმავლობაში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

“ავღანეთის მიმართულებით თვეში რამდენიმე რეისი გვქონდა. ძირითადად დავფრინავდით ქაბულის და ბაგრამის მიმართულებით და ამ მიმართულების დაკეტვით თავისთავად ჩაგვეკეტა ბაზარიც. თუმცა ეს ჩაკეტვა გამოწვეულია არა ქაბულში მიმდინარე არეულობებით, არამედ საერთაშორისო მისიების გამოსვლით. ავღანეთი, როგორც მიმართულება ჩვენთვის მაინც დაიკეტებოდა ქაბულის აეროპორტი რომც არ დაკეტილიყო, რადგანაც ქვეყნიდან საერთაშორისო მისიები უკვე გამოვიდნენ”, განაცხადა Easy Charter-ის ხელმძღვანელმა.

ავიაკომპანია Easy Charter-ი დაარსდა 2015 წელს ქალაქ თბილისში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ტვირთების ავიატრანსპორტირება. ავიაკომპანია რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: https://avianews.ge/avghanethis-mimarthulebith-thveshi-ramdenime-reisi-gvqonda-easy-charter-i/

Facebook კომენტარები