საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა, რომლის ტრანსპორტირებაც LOT Polish Airlines-მა უზრუნველყო.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.
ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.
“ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!” – წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
წყარო: https://avianews.ge/lietuvam-saqarthvelos-astrazeneca-s-vaqtsinis-15-athasi-doza-achuqa/