საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები განაგრძობენ ახალი მიმართულებების დამატებას და არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაგადამყვანების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია:

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით. დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს (სულ კვირაში 5 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);

კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამატებს 3 სიხშირეს დოჰა -თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზზე 15 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. ჯამში, დედაქალაქებს შორის ფრენა კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი – თბილისი – დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას;

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მიმდინარე წლის 17-24 ივლისის პერიოდში გეგმავს 12 დამატებითი რეისის შესრულებას შარჯა – თბილისი – შარჯას მიმართულებით;

ავიაკომპანია Jordan Aviation-ი გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს;

ისრაელის სახელმწიფოს ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი ამატებს სიხშირეს თელ ავივი – ბათუმი – თელ ავივის საჰაერო ხაზზე. დამატებითი ფრენა შესრულდება 20 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს (სულ, 7 სიხშირით კვირაში);

ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი (ეგეოსის ავიახაზები), მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით – ყოველ ხუთშაბათს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება კვირაში 4 სიხშირით;

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე წელს შემოვიდა, დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება. შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდება 14 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. ამასთან ავიაკომპანიამ დაამატა სიხშირეები არსებულ საჰაერო ხაზებზე. კერძოდ, 1 სიხშირით გაიზარდა ოპერირება ატირაუ – ქუთაისი – ატირაუს მიმართულებით, 12 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში (სულ, კვირაში 3 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში), ხოლო 10 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე, ნურსულთანი – ქუთაისი – ნურსულთანის საჰაერო ხაზზე დაემატება კვირაში 1 სიხშირე (სულ კვირაში 4 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);

ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა დაიწყო მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი – დამამი – თბილისი საჰაერო ხაზზე. ფრენები სრულდება 12 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს მოთხოვნილი მიმართულებებით / სიხშირეებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

წყარო: https://avianews.ge/saqarthvelos-saaviatsio-bazarze-sahaero-mimarthulebebis-da-phrenis-sikhshireebis-zrda-grdzeldeba/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze