გარდა გასართობი ვიდეოებისა, უამრავი აქტივისტი ტიკტოკს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას თავისი შეხედულებები გაუზიაროს.
ამჯერად, ყურადღების ცენტში 27 წლის მერი ფრენ დონალი მოექცა. მან ტიკტოკზე ვიდეოების სერია გამოაქვეყნა სახელწოდებით მსუქანი ადამიანის მოგზაურობა და 6 მილიონი ნახვა დაიმსახურა.
მერი თავის დასთან ერთად დასასვენებლად იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ სასტუმროში არც ერთი ოთახი ჭარბწონიანი ადამიანის კომფორტზე არ იყო მორგებული. მერიმ ამ თემას მაშინვე იუმორით შეხედა, მისი რეაქციები კი მისმა დამ დააფიქსირა და ტიკტოკზე გამოაქვეყნა.
პირველ ვიდეოში მერი ფრენი ჯერ საპირფარეშოს გვათვალიერებინებს. "გინდა ტუალეტი გამოიყენო, ნუ ღელავ, ძლივს დაეტევი", — ხუმრობს მერი.
შემდეგ უკვე აბაზანაზე გადადის, სადაც პირსახოცი თითქოს ჰობიტებისთვისაა განკუთვნილი.
ფოტო: tiktok
ფოტო: tikto
აუზის პირსახოცი ოდნავ დიდი აღმოჩნდა, მაგრამ სულ ცოტათი. მერიმ აღნიშნა, რომ ის დიდი დილემის წინაშე დგას, რადგან არჩევანის გაკეთება უწევს, რა ნაწილი უნდა დაიფაროს პირსახოცით — წინა, უკანა, თუ გვერდები?
ფოტო: tiktok
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოები მართლაც სასაცილოა, მერი ფრენის თქმით, ეს ყველაფერი რეალურ პრობლემას წარმოადგენს ჭარბწონიანი ადამიანისთვის. "მე უბრალოდ იუმორს ვიყენებ, რომ სიტუაციას შევეგუო. თუმცა მსგავსი შემთხვევები უდიდეს შფოთვას იწვევს ჭარბწონიან ადამიანებში. მე და ჩემს დას უბრალოდ ამ მდგომარეობის აბსურდულობაზე გვეცინებოდა", — ამბობს მერი.
მისი თქმით, ის მარტო არასდროს მოგზაურობს, რადგან ეშინია თვითმფრინავში ადამიანებმა თავი არაკომფორტულად არ იგრძნონ მის გვერდით. "მე მუდამ ვღელავ და ვფიქრობ იმაზე, საკმარისად დიდი იქნება თუ არა ღვედი თვითმფრინავში, სასტუმროში იქნება თუ არა დიდი ზომის პირსახოცი, სკამი თუ გამიძლებს, იქნება თუ არა რესტორნის მაგიდები კომფორტული", — თქვა მან.
მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებს, ამ სიტუაციიდან ძალიან სასაცილო ვიდეოები შექმნას.
მერის გამოცდილება ბევრისთვის ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა. "სწორედ ამიტომ, ყველგან საკუთარი პირსახოცით დავდივარ", — წერს ტიკტოკის ერთ-ერთი მომხმარებელი. "ერთ ვიდეოში ნაჩვენები მთელი ჩემი ცხოვრება", — ამბობს მერის კიდევ ერთი გამომწერი.
მერის თქმით, მან კარგად იცის, რომ შეუძლია თავისი პირსახოცით იაროს, ან თვითმფრინავისთვის ღვედის დამაგრძელებელი იყიდოს, მაგრამ მას სჯერა, რომ მსგავსი რამ არ უნდა უწევდეს. ბოლო წლებში უამრავი ადამიანი საუბრობს სხეულის სიყვარულზე და მის მიმღებლობაზე, თუმცა ეს პროცესი რთულდება, როდესაც შენ ყოველთვის დისკრიმინირებული ხარ. აქტივისტები, რომლებიც ამ თემით არიან დაინტერესებულები, ცდილობენ ინდუსტრიის გამოსწორებას, მაგრამ ხშირად მათ არავინ უსმენს.
"სხეულის ფორმებზე ღიად საუბარი ძალიან რელევანტური გახდა ბოლო წლებში, ამიტომ ვერ გავამართლებ სასტუმროების ინდუსტრიას, რადგან ისინი არ ცდილობენ თავიანთი პოლიტიკის შეცვლას. ჭარბწონიანი ადამიანებიც უნდა განიხილებოდნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, განსაკუთრებით ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც წესით ადამიანის კომფორტზე უნდა იყოს მორგებული", — ამბობს მერი.