თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს. გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თეა ზაქარაძე 23 ივნისს დაინიშნა. 2005 წლიდან თეა ზაქარაძე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ბოლო 10 წელი კი გენერალური მენეჯერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.

2017 წელს TAV Georgia ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.  TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.

წყარო: https://avianews.ge/tav-georgia-s-pirvelad-qarthveli-menejeri-ukhelmdzghvanelebs/

Facebook კომენტარები