ქართულ ავიაკომპანია TCA-ს HAWKER-800XP, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ ბიზნესფრენებს ემსახურება, სექტემბრიდან სამედიცინო-საევაკუაციო მიზნებისთვისაც იქნება გამოყენებული. როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს, საჰაერო ხომალდს სამედიცინო-საევაკუაციო სერვისის განხორციელებისთვის სპეციალური მოწყობილობა სჭირდება, რომელიც TCA-მ მწარმოებელ ქვეყანას, გერმანიას უკვე დაუკვეთა. 

“HAWKER-800XP-ის “მედევაკად” გადაკეთებისათვის სპეციალური მოწყობილობა ესაჭიროება, რომელიც ავიაკომპანიამ გერმანულ მხარეს უკვე შეუკვეთა. საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფის გადასაყვანად საჭირო სპეციალური საწოლი, სასუნთქი აპარატი და სხვა საჭირო სამედიცინო აპარატურა ზუსტად კონკრეტულ საჰაერო ხომალდის მოდელზე უნდა იყოს მორგებული. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მოწყობილობა გერმანიაში უკვე აწყობილია და მზად არის გამოსაგზავნად. სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მისი დამონტაჟება მოხდება და HAWKER-800XP სამედიცინო-საევაკუაციო სერვისის მისაწოდებლად მზად იქნება”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ავიაკომპანია TCA-ს განმარტებით, HAWKER-800XP ამ დროისათვის მხოლოდ ბიზნეს ფრენებზეა ორიენტირებული და რეისებს ასრულებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. საჰაერო ხომალდს  შესაძლებლობის ფარგლებში  საშუალო მაგისტრალური ფრენების განხორციელება შეუძლია.  HAWKER-800XP-მ ფრენები უკვე შეასრულა არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ინდოეთის, სომხეთის მიმართულებით და პირიქით.  

HAWKER-800XP-ს მზადაა, რომ ფრენები შეასრულოს ასევე ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. 

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია TCA-ს (Airline TCA LLC) ავიაპარკს HAWKER 800XP 2021 წლის მარტში შეემატა. ავიაკომპანიამ აღნიშნული საჰაერო ხომალდი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიისგან აიღო. 

HAWKER 800XP არის საჰაერო ხომალდი, ცვალებადი კონფიგურაციით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიზნეს დანიშნულებით ფრენების განსახორციელებლად, ასევე სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებისათვის. საჰაერო ხომალდის გადაწყობა/აღჭურვა საჭიროებიდან გამომდინარე დროის თვალსაზრისით სულ რაღაც 2 საათში არის შესაძლებელი. 

TCA საჰაერო ხომალდის ჩამოყვანის ძირითად დანიშნულებად მოიაზრებს სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანებს, რადგან ამიერკავკასიის რეგიონში, ასეთი სახის საჰაერო ხომალდი არ არის.

2019/2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოდან საშუალოდ 100-მდე სამედიცინო დანიშნულების გადაყვანა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. რათქმაუნდა საჰაერო ხომალდი მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ მოიაზრება, რადგან ავიაკომპანია სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორებთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

Facebook კომენტარები