3 ივნისიდან, ქუვეითი-თბილისი-ქუვეითის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი, რეგულარული რეისები შესრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მაირიამ ქვრივიშვილი სოციალუირ ქსელში აქვეყნებს.
“ერთმანეთი რამდენიმე კვირის წინ პირადად გავიცანით, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნისას, ბევრი წლის განმავლობაში მწვავე კონკურენცია გვქონდა. მაშინ როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის რეგიონალური მენეჯერი ვიყავი – ის „კონკურენტი“ ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ჯანსაღმა კონკურენციამ და ძლიერმა კერძო-საჯარო თანამშრომლობამ, შეგვაძლებინა ის, რომ წლების განმავლობაში საქართველოზე მოთხოვნა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გახდა და ჩვენი ქვეყნის შემომყვანი ტურიზმისა და ავიაციის სფეროს დივერსიფიკაციაში თუნდაც პატარა წვლილი შევიტანეთ. დღეს არც ერთი აღარ ვართ იქ სადაც წლების წინ ვიყავით. ის ახლა ქუვეითის ეროვნული ავიაგადამზიდავის Jazeera Airways-ის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ამიტომაც, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ – 3 ივნისიდან, ქუვეითი-თბილისი-ქუვეითის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვექნება,” – წერს ქვრივიშვილი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა Jazeera Airways-ის პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისადმი გამოხატული მაღალი ნდობისთვის.
“საქართველო იმ პირველ ქვეყნებს შორისაა, სადაც ავიაკომპანია შიდა ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას აღადგენს! ეს გადაწყვეტილება ძალიან დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის უფრო სწრაფი ტემპით აღდგენაზე და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას! წინ კიდევ ბევრი კარგი სიახლე გველის, რისთვისაც თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA “– აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.