რომი – მარადიული ქალაქი რომელიც თავისი ისტორიით, კულტურით და არქიტექტორული შედევრებით ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ალბათ ფიქრობთ რომ 48 საათი მის დასათვალიერებლად არ გეყოფათ, თუმცა მთავარია მონდომება და პატარ-პატარა ხრიკები. მაგალითად შეგიძლიათ წინასწარ იყიდოთ ყველა იმ მუზეუმის ბილეთი, სადაც წასვლას აპირებთ, ამით დროსაც დაზოგავთ და ფინანსებსაც.
მაშ ასე, დღე პირველი :
9:00 AM
ჭეშმარიტი რომაელები დილას ყავით იწყებენ, დესერტად კი მარიტოცოს აყოლებენ. მარიტოცო უშველებელი, კრემით გატენილი, რომაული ფუნთუშაა, თუმცა კალორიების არ შეგეშინდეთ. თქვენ ხომ წინ 2 დღიანი ფეხით სიარული გელით. რა თქმა უნდა კითხვაც არ სჭირდება იმას, თუ სად უნდა წახვიდეთ ნასაუზმევს. კოლოსეუმი პირველია აუცილებლად სანახავთა სიაში, როცა რომში ხართ. ეს გიგანტური ამფითეატრი რომის სიმბოლო და ერთ-ერთი უძველესი კულტურული ძეგლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
11 AM
შემდეგი დანიშნულების ადგილი ვილა ბორგეზეა, ეს არის გასაოცარი სილამაზის, ვარდისფერი ფლამინგოებით და სპილოებით სავსე საზოგადოებრივი პარკი, რომელიც სიდიდით მესამეა მთელ რომში. პარკში მდებარეობს მუზეუმი, სადაც უნიკალური ექსპონატებია თავმოყრილი, აქ იხილავთ ტიციანის, კარავაჯოს, რუბენსის ნამუშევრებს და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა – შოთა რუსთაველის ძეგლს.
2:00 PM
რავიოლი, პასტა, ლაზანია, პიცა, რიზოტო, ნაირნაირი ბრუსკეტები, ტირამისუ – დიახ! იტალიური სამზარეულო მართლაც რომ ღვთაებრივია და ალბათ მოგინდებათ ყველაფერი ერთდროულად გასინჯოთ, მაგრამ უპირველესად მაინც რიზოტოს, პასტას ზღვის პროდუქტებით და პიცა მარგარიტას გირჩევთ. მიაყოლეთ ჭიქა წითელი ღვინო და აუცილებლად მოიტოვეთ ადგილი დესერტისთვის.
4:00 PM
ლანჩის შემდეგ დესერტის ჯერია, და რა უნდა მიირთვათ დესერტად თუ არა იტალიური ჟელატო. პარალელურად ტრევის შადრევნისკენ გაემართეთ. შადრევანი დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ძალიან ლამაზია, არ დაგავიწყდეთ მონეტის ჩაგდება და სურვილის ჩაფიქრება. ამბობენ, რომ ვინც ერთხელ აგდებს მონეტას, ის მეორედ აუცილებლად ბრუნდება რომში.
5:00 PM
შადრევნიდან ესპანურ მოედანზე გადაინაცვლეთ, სადაც ყველასთვის ნაცნობ ესპანურ კიბეებსაც იხილავთ, დროის ამ მონაკვეთში მზე ნელ-ნელა დაისისკენ მიემართება და გაოქროსფერებული რომი საოცარი სანახავია. მემგონი ის დროა ფოტოაპარტი მოიმარჯვოთ.
7:00 PM
სავახშმოდ წასვლას, ტრადიციულ იტალიურ რესტორანში გირჩევთ. უმჯობესია აარჩიოთ ისეთი რესტორანი ან ბარი, რომელსაც ექნება ღია ტერასა ან ვერანდა. მიირთვით ჭიქა ღვინო და დატკბით მზის ჩასვლით. ეს ის მომენტია როცა შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ ყველაფერი დაივიწყოთ და გონება მხოლოდ ამ კონკრეტულ, სასიამოვნო წუთებს დაუთმოთ.
დღე მეორე
9:00 AM
რომი არ უნდა დატოვოთ ვატიკანში ვიზიტის გარეშე. ვატიკანში სიქსტის კაპელა და წმინდა პეტრეს ბაზილიკა და ულევი შთაბეჭდილებები გელოდებათ. საუზმედ თქვენი ნებაა კორნეტოს მიირთევთ თუ ფრიტატას, თუმცა აუცილებელი კომპონენტი ესპრესოა. ვატიკანში ვიზიტამდე დარწმუნდით რომ სწორად გაცვიათ. დრესკოდი მკაცრად კონტროლდება და მოშიშვლებული მხრების გამო, შესაძლოა მცირე დაბრკოლებები შეგექმნათ.
2:00 PM
ლანჩის დრო მოდის და იგივე კითხვას უსვამთ საკუთარ თავს, რომელი კერძი მიირთვათ ამჯერად. როგორც უკვე აღვნიშნეთ იტალიური სამზარეულო ღვთაებრივად გემრიელია, ამ კერძების მომზადება კი ცალკე ხელოვნება, ამიტომ გირჩევთ აირჩიოთ მასტერკლასი, სადაც არათუ საყვარელი კერძების მომზადებას ისწავლით, გემრიელად ისადილებთ კიდეც და ღვინის კიდევ ერთ სახეობას დააგემოვნებთ.
7:00 PM
ვატიკანის დათვალიერების და იტალიური კერძების მომზადების შემდეგ, გაისეირნეთ ტრასტევერეზე, რომელიც საერთოდ რომანტიკოსების ადგილად ითვლება. ვიწრო ქუჩები, ჭიქა აპეროლი და ქუჩის მუსიკოსები – საუკეთესო ვერსია როგორ დაასრულოთ მოგზაურობა რომში და იფიქროთ შემდეგ ვიზიტზე.