14 წლის განმავლობაში TAV-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 220 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, – აცხადებს TAV Holding-ის პრეზიდენტი სანი შენერი.

პანდემიის პირობებში, როდესაც მთლიანი ინდუსტრია კრიზისშია კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება განახორციელა და მისი გამტარუნარიანობა გააორმაგა. 
“დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის გაფართოება პანდემიის პირობებში. რომელმაც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ავიაციის სფეროზე. მას შემდეგ რაც ჩვენმა კომპანიამ გადაიბარა აეროპორტის ოპერირება, მთავრობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ მისი წლიური მგზავრთნაკადის რაოდენობა 2007 წლიდან 2019 წლამდე 40 000-დან 600 000-მდე გავზარდეთ. იმავე პერიოდში იმ ავიაკომპანიების რიცხვი, რომლებიც ბათუმის აეროპორტში ასრულებდნენ რეისებს, 5-დან 30-მდე გაიზარდა. გასული 14 წლის მანძილზე ჩვენს მიერ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში განხორციელებულმა ინვესტიციამ 220 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ საქართველო რეგიონში უდიდეს ჰაბად ექცია”, – განაცხადა TAV Holding-ის პრეზიდენტმა სანი შენერმა.

განახლებული აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. COVID-19-ის პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად TAV Georgia-მ სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

როგორც TAV Georgia-ში აცხადებენ, აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალი შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2  დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6 დან 12 მდე, გაფრენაში კი 6 დან 8 მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა 2 ავტობუსის გასასვლელი, ჯამში მგზავრები 6 ავტობუსის გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა დუტი ფრის ზონა, ბიზნეს ლაიუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები.

ცნობისათვის, TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. 2017 წელს TAV Georgia ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.

Facebook კომენტარები