​ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს მიმართულებით პირველ ფრენას განახორციელებს. Bees Airline კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე 7 აპრილს, პირველ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

როგორც ცნობილია Bees Airline-ს საქართველოს მიმართულებაზე დიდი გეგმები აქვს და ავიაკომპანიამ კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო.

კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე Bees Airline რეგულარულ რეისებს 30 აპრილიდან დაიწყებს. საწყის ეტაპზე ავიაკომპანია ოპერირებას კიევსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს, ხოლო ივნისიდან კი სიხშირეების რაოდენობას 3-მდე გაზრდის.

რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს უკვე 9 ივნისის თარიღიდან ყიდის. 

აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.

Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.

Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.

Facebook კომენტარები