თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე დაგეგმილი შეზღუდვები ტურისტებზე არ გავრცელდება. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე.

აღნიშნულ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა, როგორიცაა აფთიაქი, მარკეტი და სხვ. კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში;

სურსათის ქსელური მაღაზიები, იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში.

აღნიშნულ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას, მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე. წ. ,,HES“ კოდი.

ამასთან, ძალაში რჩება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება (https://register.health.gov.tr/…) .

თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს.

ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ საგანგებო – გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით.

ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საელჩის ცხელ ხაზზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 802.

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 003.

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 264.

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.

Facebook კომენტარები