პერუს მთავრობამ მაჩუ-პიქჩუ ქვეყანაში იძულებით დარჩენილი ტურისტისთვის გახსნა. ჯესი კატაიამა იაპონელი ტურისტია, რომელიც ქვეყანას პანდემიამდე ეწვია და მაჩუ-პიქჩუს მონახულება მისი მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მას ინკას უძველესი ცივილიზაცია ჯერ კიდევ მარტში უნდა მოენახულებინა, თუმცა კორონავირუსის გამო, XV საუკუნის ძეგლი თითქმის 7 თვეა დაკეტილია.
ტურისტი პერუში რამდენიმე დღით უნდა დარჩენილიყო, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, მან მაჩუ-პიქჩუს სიახლოვეს მდებარე სოფლის დატოვება ვერ შეძლო.
ტერიტორიაზე მისი შეშვების გადაწყვეტილება ქვეყნის კულტურის მინისტრმა, ალეხანდრო ნეირამ მიიღო, მას შემდეგ, რაც თხოვნით კატაიამამ მიმართა.
მაჩუ-პიქჩუში კატაიამა შაბათს, გიდთან ერთად, შეუშვეს და ახლა ის სამშობლოში ბედნიერი დაბრუნდება. ვიზიტის ამსახველი ვიდეო და ფოტოები მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
"მეგონა, რომ ვერასდროს შემოვიდოდი აქ. მადლობა პერუელებო, ძალიან კეთილები ხართ, ეს კი საუცხოო ტურია!", — ამბობს ის პოსტში.
სხვა ტურისტებს დიდი ხნით მოცდა აღარ მოუწევთ — მაჩუ-პიქჩუ ნოემბერში გაიხსნება.
დღემდე პერუში კორონავირუსის 849 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 33 ათასი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: