საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღეში ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება. საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე მიიღეს.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, აღნიშნული შეეხება ყველა შემომსვლელს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეს.
"შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა", — განაცხადა მან.
გასულ კვირას ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დააფიქსირეს, რომელიც სწრაფ გავრცელებასთან კორელაციაშია. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ლონდონში, კენტში, ესექსსა და ჰერტფორდშირში შემთხვევების სწრაფი ზრდა შენიშნეს. კორონავირუსის ახალი ვერსიით 1 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსი განსაკუთრებით ინგლისის სამხრეთ რეგიონებშია გავრცელებული.