მართალია, სულ ცოტა ხნის წინ იაპონიის დედაქალაქს, ტოკიოს საუკუნის ყველაზე დამანგრეველმა ტაიფუნმა გადაუარა, თუმცა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ათასობით გამოკითხული ადამიანისთვის, რომ ქალაქი სამოგზაუროდ წლის საუკეთესო დანიშნულების ადგილად დაესახელებინათ.
გამოკითხვაში 600 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ქალაქში არსებული ღირშესანიშნაობები, ლანდშაფტი, უნიკალური ხედები და ადგილობრივი სამზარეულო — ეს იმ ძირითადი კრიტერიუმების ჩამონათვალია, რის მიხედვითაც Condé Nast Traveler-ის მკითხველის არჩევანი ტოკიოზე გაკეთდა.
ონლაინგამოცემა Insider კი Tokyo Bay-დან დანახულ ტოკიოს განუმეორებელ ხედსა და მის ყველაზე ფერად ცენტრალურ ქუჩებზე წერს, სადაც სავაჭრო ცენტრია. Condé Nast Traveler კი იაპონიაში უნიკალური კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების გასინჯვას გირჩევთ.
გარდა იმისა, რომ ტოკიო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც უამრავ ისტორიულ ადგილს მოინახულებთ, ქალაქში ასევე თანამედროვე არქიტექტურისა და ტექნოლოგიური ბუმია.
გამოკითვის შედეგად საუკეთესო დიდი ქალაქების სიაში საპატიო მეორე და მესამე ადგილი კიოტომ და სინგაპურმა გაინაწილეს. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქალაქებში საოცრადაა განვითარებული ხელოვნების სხვადასხვა სფერო და ადგილობრივი კულინარია.