ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის
(შპს “მაივეი ეარლაინს
კო ლტდ”) 100%-ის
მფლობელ კომპანია “ფლას ავიეიშენ
ინვესთმენთ კო., ლტდ”-ში წილობრივი
მონაცემები 2 კვირის განმავლობაში 2-ჯერ შეიცვალა. რითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უკვე დაინტერესდა.

კომპანიების სამეწარმეო რეესტრში 18 აგვისტოს შეტანილი ცვლილების მიხედვით კომპანიის 89%-ის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუ, ხოლო 11%-ის მფლობელი საქართველოს მოქალაქე რატი ბაკურაძე გახდნენ. 

1-ელ
სექტემბრის ცვლილებით კი კომპანიის 51%-ი რატი ბაკურაძის მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 49%-ი ისეც ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუს დარჩა. 

ამა თუ იმ კომპანიაში წილობრივ ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ ავიაციის დარგში იმისათვის, რომ გადაყვანა/გადაზიდვების მოწმობა შეინარჩუნო მინიმუმ 50%-ი ეროვნული კაპიტალი უნდა იყოს. 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №98 ბრძანების
მიხედვით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს
მოქალაქე/მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული/ერთეულები), საკუთრების უფლებით
ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

შენიშვნა: ამ მუხლის
მიზნებისთვის, ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

ამ ფონზე უცნობი რჩება, რაში დასჭირდა Myway Airlines-ის მფლობელ კომპანიას ჩინეთის მოქალაქის წილის ზრდა 89%-მდე და შემდეგ რადენიმე დღეში ისევ ცვლილების შეტანა.

დეტალების გარკვევას AviaNews-მა სამოქალაქო
ავიაციის სააგენტოს მიმართა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ „თქვენს მიერ დასმული შეკითხვების პასუხად, გაცნობებთ, რომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის, შპს “მაივეი ეარლაინს
კო ლტდ”-ის 100%-იანი
წილის მფლობელი – „შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აწარმოებს ავიაკომპანია Myway Airlines-ის
დოკუმენტაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლას. სააგენტოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ, ცნობილი გახდება უწყების მიერ, საკითხის საბოლოო შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ“.

აღსანიშნავია, რომ ადრე Myway Airlines-ში წილობრივი მდგომარეობა უცხოური კაპიტალის სასარგებლოდ წლის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლებოდა, თუმცა მაშინ ის რეგულაციებთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა.

AviaNews-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სამეწარმეო რეესტრში 19 აგვისტოს ასახული ცვლილებით დაინტერესდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ავიაკომპანიის დამფუძნებელ კომპანიაში მორიგი “კარუსელი დატრიალდა” და უცხო ქვეყნის მოქალაქის წილი შემცირდა. 

შეგახსენებთ, რომ Myway Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა.

ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერთიფიკატი  (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. 

წყარო: https://avianews.ge/daarghvia-thu-ara-myway-airlines-ma-sahaero-gadaqhvana-gadazidvis-motsmobis-gatsemis-tsesi/

Facebook კომენტარები