ოდესღაც, ლეგენდარულ უხსოვარ დროში, დიდებული დუნაის ნაპირზე, რომელიც ნახევარი ევროპის
გავლით მწვანე წყლით მიედინებოდა, ორი დასახლება გაჩნდა, რომელთაგან თითოეული მდინარის საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. ერთ-ერთი ნაპირი უფრო მაღალზე იყო და იქ წარმოიშვა დასახლება სახელად ბუდა, ხოლო მეორე მხარეს, უფრო დაბლობზე განთავსდა მყუდრო პეშტი. გარკვეული დროის შემდეგ ორი ქალაქი ერთმანეთს შეერწყა და დაერქვა – ბუდაპეშტი. თუ ვიტყვით, რომ ბუდაპეშტი
ევროპის ნამდვილი „მარგალიტი“ და მისი ულამაზესი დედაქალაქია, ჩათვალეთ, რომ
არაფერი გვითქვამს. ძველებური ბაროკოს კვარტლები, მდიდრული თეატრები და
სასახლეები, რომლებმაც ბრინჯაოს გამწვანებულ გუმბათებში იმპერიის სულისკვეთება
შეინარჩუნეს, ბუდას უძველესი ციხესიმაგრეები, უნგრეთის დიდი მეფეებისა და მადიარების
მიწის  წმინდა განმანათლებელთა ძეგლები, რა
თქმა უნდა,  პარლამენტის დიდებული შენობა, რომელიც
უმშვენიერესია დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.

და ეს ყველაფერი არ არის, რითაც  მდიდარია უნგრეთის დედაქალაქი. შეუძლებელია გაუძლოთ ცდუნებას და  შუა დღის საათებში ან მშვიდ საღამოს მყუდრო რესტორანში არ ჩამოჯდეთ, მშვენიერი გულიაში არ დააგემოვნოთ და ტოკაის ერთი-ორი ბოკალი არ მიირთვათ. ასევე ყურადღების მიღმა ვერ დატოვებთ ცნობილ საბანაოებს, რომლებითაც ბუდაპეშტი განთქმულია მთელს ევროპაში. რთულია ამ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის ჩამოთვლა, ამიტომ უმჯობესია ჩამოხვიდეთ და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. ბუდაპეშტის შესახებ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ – ეს წერტილი რუკაზე აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შედის.

როგორ
ჩავიდეთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტში მოსახვედრად პირდაპირ ავიარეისებს გვთავაზობს მხოლოდ ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისის აეროპოტიდან სრულდება ტრანზიტული რეისები თურქეთის, კიევის, მინსკის ან მოსკოვის გავლით.

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები თბილისი-დან ბუდაპეშტი-ში

გამგზავრება დაბრუნება გაჩერება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
28 სექ 2021 1 ოქტ 2021 პირდაპირი 684 -დან
26 ივნ 2021 3 ივლ 2021 1 გადაჯდომა 740 -დან
31 მაი 2021 9 ივნ 2021 2 გადაჯდომა 797 -დან
1 სექ 2021 8 სექ 2021 3 1 352 -დან

იაფი ავიაბილეთები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მიმართულებით, დაჯავშნეთ დაბალ ფასიანი ბილეთები ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით.

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები ქუთაისი-დან ბუდაპეშტი-ში

პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან ბუდაპეშტი-ში

გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
26 ივნ 2021 6 ივლ 2021 ფასი 180

ბუდაპეშტის რაიონები

რაც მთავარია, ნებისმიერი ტურისტი თავიდანვე ითვისებს უნგრეთის დედაქალაქის გეოგრაფიას – დუნაი ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს. დასავლეთ
სანაპიროზე მთა-გორიანი ბუდა რჩება, ხოლო აღმოსავლეთით  დაბლობზე ამაყად დგას პეშტი. ქალაქი 23 რაიონად
არის დაყოფილი. ბუდა მოიცავს I, II, III, XI, XII, XXII რაიონებს. ფაქტობრივად III
მთლიანად ობუდას („ძველი ბუდას“) ტერიტორიაა. მე-19 საუკუნის ბოლოს სამი ქალაქი – ბუდა,
ობუდა და პეშტი ერთ ქალაქად – ბუდაპეშტად გაერთიანდა.

ბუდა: ძველი დროის სიდიადეს საიმედოდ ინარჩუნებს ხეების ჩრდილში და რესტავრაციის ბრწყინვალებაში

I რაიონი (Castle District) – ყველაზე პატარაა ბუდას ტერიტორიაზე, მაგრამ სწორედ აქ მდებარეობს ბუდას ციხესიმაგრე. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რომელიღაც შუასაუკუნეების ციხესიამგრეს ვიხილავთ… მაგრამ არა. რა თქმა უნდა, ციხესიმაგრეები მრავალჯერ შენდებოდა, ბუდას ციხესიმაგრეც ხომ მე-14 საუკუნიდან შენდებოდა, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირედი ნაწილი დარჩა: ციხესიმაგრის კედლები აღდგენილია, მათიუშის ტაძარი 700 წლის განმავლობაში თავის იერსახეს იცვლიდა, სამეფო სასახლე კი (არასდროს იყო სამეფო რეზიდენცია) მე-18 საუკუნის შუა პერიოდის პატარა სასახლიდან მე-20 წლის დასაწყისის გრანდიოზულ შენობად იქცა.

დუნაის გასწვრივ, ციხესიმაგრის
ქვემოთ და ჩრდილოეთით, ვიზივაროშის რაიონი მდებარეობს (რაიონები I, II და III). მოდერნის
სტილის შადრევნები (მე-20 საუკუნის დასაწყისი), შუასაუკუნეების საბანაოები „კირაი“
და „ლუკაჩი“, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მიღებული საინტერესო არქიტექტურული
გადაწყვეტილებები, მათ შორის ტაძრების შესახებ. აქვე მდებარეობს სტალაგმიტური
მღვიმე პალ-ველდი, რომელიც ბუდაპეშტის მიწისქვეშა ლაბირინთებს შორის ყველაზე მეტად
მონახულებადი ადგილია.

გელერტის მთა, რომელიც ციხესიმაგრის შემაღლებიდან სამხრეთით მდებარეობს, კიდევ უფრო შორს მდებარე იანოშის მთასთან პაექრობს ქალაქის საუკეთესო სათვალთვალო პუნქტის წოდებისთვის. 1918 წლიდან ამავე სახელწოდების არტ-ნუვოს სტილის სასტუმრო სტუმრებს მასპინძლობს; მისი გელერტის საბანაოები განთქმულია უნგრეთის ფარგლებს გარეთ.

III რაიონი (ობუდა). ეს არის მშვიდი რაიონი, სადაც ღირსშესანიშნაობები საძილე უბნებისა და პანელებით აშენებული სახლების გვერდიგვერდ შესანიშნავად თანაარსებობს. ბუდაპეშტის ყველა ტურისტული ცენტრიდან ყველაზე მეტად დაშორებული და უძველესი – მხოლოდ იმიტომ მაინც, რომ აქ იხილავთ აკვინკუმის ნანგრევებს – ქალაქისა, რომელიც რომის იმპერიის ერთ-ერთი მომიჯნავე პროვინციის ნაწილი იყო. შემონახულია ორი ამფითეატრი. სხვა ადგილები კი უკვე  ობუდას ისტორიას უკავშირდება: სენტლელეკის მოედანი (Szentlélek tér) და ზიჩის საგვარეულო სასახლე, მოედანი ფო (Fő tér) მერიის შენობითა და უნგრელი იმრე ვარგის სკულპტურებით.

როგორც ადგილობრივი
მოსახლეობა ირწმუნება,  ბუდას მთლიანი
ტერიტორიის მოვლას ფეხითაც შეძლებთ. ბუდას ბორცვიდან ობუდას ცენტრალურ მოედნებამდე
გასეირნებისთვის 2-2,5 საათი დაგჭირდებათ.

პეშტი: გრანდიოზული შენობები და გამზირების გეომეტრია

ბუდასა და პეშტს შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია
– საიდან არის უმჯობესი  ქალაქის გაცნობის
დაწყება – ბუდას ბორცვიდან თუ ძველი პეშტიდან? დაე ეს რიტორიკული კითხვა იყოს.

ამგვარად, ციხესიმაგრის
კომპლექსიდან მდინარის საპირისპირო მხარეს ბელვაროშის რაიონი მდებარეობს, ძველი
ქალაქის შუაგული, რომლის პირველი შემონახული შენობები მე-12 საუკუნით თარიღდება
(მაგალითად, სამრევლო ეკლესია). ეკლესიის წინ მოედანზე რომის იმპერიის დროინდელი
მცირე ფორტის ნანგრევებია შემორჩენილი. სანაპირო ფეხით სეირნობისთვისაა
გადაკეთებული – აქედან ბუდას ხედებით ტკბობას შეძლებთ.

ბელვაროშში, ისევე როგორც მთელ ცენტრალურ პეშტში,  უამრავი გამოჩენილი უნგრელებისადმი მიძღვნილი ძეგლია – ეს არის უნგრეთის სახელწიფოებრიობის ჩამოყალიბების ერთგვარი ეროვნული გამოფენა. აქედან, ვერეშმარტის მოედნიდან სათავეს იღებს საქვეითო ქუჩა ვაცი (სადაც ტურისტთა ნაკადი დღისითაც და ღამითაც არ წყდება). ხოლო ქალაქის  საბჭოს დიდებული შენობები და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები არცთუ ისე შორს მდებარეობს არანაკლებ დიდებული ცენტრალური ბაზრიდან.

ბელვაროში ნელ-ნელა ლიპტოვაროშის რაიონში გადადის (პირველი რაიონი, რომლის აშენება ოდესღაც პეშტის ციხესიმაგრის კედლებს მიღმა დაიწყო). აქ მპყრობელის მასშტაბი უფრო ძლიერ იგრძნობა. მხოლოდ უნგრეთის პარლამენტის შენობა რად ღირს, 268 მეტრი სიგრძისა და 96 სიმაღლისა, რომლის გადაღებას ტურისტები დასავლეთ სანაპიროდან ამჯობინებენ. პარლამენტის წინ მდებარე მოედანი უამრავი ძეგლითაა აჭრელებული, ხოლო სახელმწიფო დღესასწაულების დღეებში აქ აღლუმები იმართება. სავარაუდოდ სიდიდით სულ ცოტათი ჩამოუვარდება  უნგრეთის მთავარი ტაძარი – წმინდა იშტვანის ბაზილიკა (არ არის მუზეუმი, ამიტომ შესვლა უფასოა). ორივე შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

ლიპტოვაროში განთქმულია თავისი ხიდებით: მე-19 საუკუნის შუა პერიოდის ჯაჭვის ხიდი (სეჩენის სახელობის) ორი სანაპიროს პირველი მუდმივი დამაკვშირებელი გახდა, ხოლო მის კვალდაკვალ აგებულმა პრინცესა მარგიტის ხიდმა რეკონსტრუქციების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა.

ბელვაროში და ლიპტოვაროში განლაგებულია ადმინისტრაციულ რაიონში V, პეშტის ყველაზე პატარა რაიონში, რაც საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ ქალაქის ამ ნაწილის რეალური ზომის შესახებ. ქალაქის გარეუბნებთან მიახლოებისას რაიონის ტერიტორიები იზრდება.

VI რაიონის (ტერეზვაროში) მთავარი ქუჩა – სწორი და ფართო ანდრაშის გამზირია. ელისეის მინდვრებთან შაბლონური შედარება  სულელურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩა, სადაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებული უამრავი სასახლე და მდიდრული სახლი მდებარეობს. გამზირი XIV რაიონს ემიჯნება, სადაც  გმირთა მოედანი და ქალაქის პარკი მდებარეობს (ევროპის ყველაზე დიდი და ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული სეჩენის საბანაოები, ასევე სხვადასხვა არქიტექტურული სტილის შენობების ეკლექტიკური კომპლექსი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გვხვდება – ვაიდაჰუნიადის  ხალხში). მეზობელი VII რაიონი არა მხოლოდ ძველ ცენტრთან სიახლოვით და მოდერნის სტილის შენობებით არის აღსანიშნავი, არამედ  ებრაული კვარტლით ერჟებეტვაროში (XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აგებული შენობები). დიდი სინაგოგა დოჰანის ქუჩაზე, რომელიც 3 ათასამდე ადამიანს იტევს, დღემდე ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სინაგოგად რჩება.

იოჟეფვაროში (VIII რაიონი), რომელიც ჩრდილოეთიდან რაკოცის გამზირითაა შემოფარგული, საინტერესოა უძველესი 1847 წელს გახსნილი „კერეპეშის“ სასაფლაოთი. ამავე რაიონში და იმავე წელს გაიხსნა ეროვნული მუზეუმი – პირველი მუზეუმი უნგრეთის ისტორიაში. წმ. როხის სახელობის საავადმყოფოს ბაროკოს სტილის კორპუსი 6 წლით ადრე გაჩნდა. აქედან ორი კვარტალში პუშკინის ვიწრო ქუჩაზე შეგიძლიათ ისეირნოთ.

ქალაქის ტერიტორია – ეს არის დუნაიზე კიდევ 7 კუნძული, მათ შორის, ფაქტობრივად, პალოტაის ნახევარკუნძული. დედაქალაქის ცენტრში მდებარე მარგიტის კუნძული XIII რაიონში შედის და მთლიანად დასასვენებელ (ძირითადად აქტიურ) პარკად იქცა; აქ რამდენიმე თერმული წყაროა. პირადი ავტომობილით
აქ ვერ შემოხვალთ.
უდიდესი კუნძული, ჩეპელი, 48 კილომეტრზეა
გადაჭიმული
და ბუდაპეშტს მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილით ეკუთვნის.

ტრანსპორტი

ბუდაპეშტის საზოგადოებრივი
ტრანსპორტი მოიცავს ტრამვაის, ტროლეიბუსს, ავტობუსსა და ტაქსს.
ბილეთის შეძენა
შეგიძლიათ მეტროს შესასვლელთან, გაზეთების კიოსკებში და ბილეთების ნარინჯისფერ ავტომატებში, რომლებიც ქუჩაში
ტრანსპორტის გაჩერებებთან მდებარეობს.
ერთჯერადი ბილეთი 350 ფორინტი
ღირს, ერთჯერადი ბილეთი გადაჯდომის უფლებით – 530 ფორინტი, 24-საათიანი
აბონემენტი – 1650 ფორინტი,
72 საათი მოქმედი – 4150 ფორინტი. ერთჯერადი ბილეთის უშუალოდ ტრანსპორტში
შეძენა 100 ფორინტით
მეტი დაგიჯდებათ.

მეტროს სამი
ხაზი ერთმანეთს კვეთს ქალაქის ცენტრში მდებარე დეაკის მოედანზე (Deak ter). მატარებელი ყოველ
2-15 წუთში გადის, დღე-ღამის მონაკვეთიდან
გამომდინარე. სამუშაო რეჟიმი 4:30 საათიდან 23:00 საათამდეა, ხოლო 23:00 საათის შემდეგ უკვე ღამის
ავტობუსებით მგზავრობას შეძლებთ, რომელიც განრიგში
„Е“ ასოთია აღნიშნული. სულ ბუდაპეშტში დაახლოებით 200 ავტობუსის
მარშრუტია, მოძრაობს ექსპრეს ავტობუსებიც – წითელნომრიანი
ავტობუსი, რომლებიც ყველგან არ
აჩერებს (ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ!).
ავტობუსიდან ჩამოსასვლელად კარის ზემოთ სპეციალურ ღილაკს უნდა დააჭიროთ.

გარდა ამისა, დედაქალაქში
30-ზე მეტი ტრამვაის მარშრუტია, რომელიც 5-10 წუთიანი ინტერვალით მოძრაობს.

მნიშვნელოვანი მომენტი:
ბუდაპეშტის მეტროს
ყველა სადგურს ცალკე პლატფორმები  აქვს
სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი მატარებლებისთვის, ცალკე შესასვლელებით,
რომლებიც, როგორც წესი, ქუჩის სხვადასხვა მხარეს მდებარეობს. ერთი სადგურიდან მეორეზე
გადასვლა უშუალოდ მეტროში
შეუძლებელია: მოგიწევთ ზემოთ
ამოსვლა, გზის გადაკვეთა, მეტროში
ხელახლა ჩასვლა და მგზავრობის ღირებულების თავიდან
გადახდა.

ტაქსი

ავტომობილებზე განთავსებულია წარწერა TAXI და ყვითელი ფერის სანომრე ნიშანი, ტარიფები კარის მინაზე ან ხელსაწყოთა დაფაზეა გამოკრული. ჩასხდომა ღირს დღისით 300 ფორინტი, ღამით – 420, 1 კმ გზა – 240 ფორინტი დღისით და 336 ფორინტი ღამით. მგზავრის მოთხოვნით მძღოლი ვალდებულია ანგარიში წარადგინოს. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის მდგომარეობით.

კავშირი და Wi-Fi

უფასო ინტერნეტ-წვდომის პოვნა ბუდაპეშტში
ადვილია, უფრო რთულია – ვერ იპოვოთ, მაგრამ იმისათვის, რომ სახლში დარეკოთ არა
ინტერნეტ-მესინჯერის, არამედ ფიჭური ქსელის მეშვეობით – საერთაშორისო როუმინგის
საკმაოდ სევდიანი პირობები უნდა მიიღოთ.

თუ თქვენ 
მუდმივი მობილური წვდომა გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთ-ერთი ადგილობრივი
ოპერატორისგან შეიძინოთ 3G და 4G: Telenor, Vodafone ან Magyar Telecom (ყოფილი
T-Mobile). ამ უკანასკნელის ტარიფები გარკვეულწილად იაფია. საშუალოდ 1 გბ ტრაფიკის
ღირებულება  1000-1500 ფორინტს შეადგენს.
Telenor-ი  სპეციალურ „სტუმრის“ ხაზს
გთავაზობთ: მხოლოდ მობილურ წვდომას, 
ზარების განხორციელების გარეშე. ამგვარი სიმ-ბარათები  პარამეტრების მინიმუმს ითხოვენ და დაუყოვნებლივ
ინსტალირდება პლანშეტში ან სმარტფონში.

საქართველოში უნგრული ოპერატორების მეშვეობით
დარეკვა არცთუ ისე კარგი  იდეაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფიჭური ქსელების როუმინგი საკმაოდ ძვირია,
ადგილობრივი ოპერატორების ტარიფი უფრო მაღალი იქნება. გარდა ამისა, უნგრული
სიმ-ბარათის შეძენისას საზღვარგარეთის პასპორტი უნდა წარმოადგინოთ – ამ სისტემით
ბუდაპეშტის  მხოლოდ ძირითადი ოპერატორების
პუნქტები მუშაობს, სხვაგან შესაძლოა სიმ-ბარათი არ მოგყიდონ. გარდა ამისა, ტურისტები
ხშირად ვერ ახერხებენ სიმ-ბარათის პარამეტრების დამოუკიდებლად შეყვანას, თუნდაც
მენიუ ინგლისურად იყოს. ამ შემთხვევაში საჭიროა გამყიდველი-კონსულტანტის
დახმარება.

ოდესღაც ძალიან გავრცელებულ ვარიანტს, სატელეფონო ჯიხურებს,
ბუდაპეშტში სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით.

ახლა კი სასიამოვნოს
შესახებ. უფასო Wi-Fi უკვე ფერენც ლისტის სახელობის აეროპორტში დაგხვდებათ.
ნაწილობრივი დაფარვა ასევე ხელმისაწვდომია ბუდაპეშტის მეტროში. ზოგიერთი ავტობუსის
მარშრუტი (როგორც წესი, უფრო ტურისტული ან საქალაქო/საერთაშორისო) აღჭურვილია უფასო
წვდომის პუნქტებით. უფრო მეტიც, ბუდაპეშტის მუზეუმები იმდენად ინტერაქტიულია, რომ
ისინი მიისწრაფვიან სტუმრები უზრუნველყონ  ონლაინ გიდებსა და ონლაინ ექსპოზიციებზე, ისევე როგორც
ყველა სხვა ვებ-გვერდზე წვდომით.

ტურისტები იმდენად შეეჩვივნენ
საზოგადოებრივ თუ კერძო უფასო ქსელებს, რომ 
ჩივიან, რომ Wi-Fi ქალაქის ყველა საბანაოში არ იჭერს. გამოხმაურების
მიხედვით, ქალაქის VII ადმინისტრაციული რაიონი (ერჟებეტვაროში, რომელიც ძველ პეშტს
ესაზღვრება) მუნიციპალური პროექტის ფარგლებში მთელ ტერიტორიაზე უფასო Wi-Fi
წვდომას უზრუნველყოფს.

ალბათ 
არ არის აუცილებელი იმის თქმა, რომ უფასო Wi-Fi ბუდაპეშტის კაფეებისა და
რესტორნების ნორმად იქცა – როგორც მცირე, ისე ქსელური დაწესებულებებისთვის… სასტუმროები
აუცილებლად უზრუნველყოფენ უფასო წვდომას საერთო ზონებში და ხშირად  ნომრებშიც კი. თუმცა, დაჯავშნამდე გირჩევთ ეს
საკითხი კონკრეტულ სასტუმროსთან წინასწარ დააზუსტოთ.

Budapest
Card

ბუდაპეშტში მგზავრობაზე თანხის დაზოგვას
შეძლებთ  თუ შეიძენთ „ტურისტულ სამგზავრო
ბილეთს“ ან ბარათს „ბუდაპეშტი“. ეს ბარათი საშუალებას გაძლევთ სამი დღის
განმავლობაში უფასოდ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მუზეუმებს ეწვიოთ და
სხვადასხვა ადგილზე უამრავი ფასდაკლება მიიღოთ: საბანაოებიდან დაწყებული მაღაზიებით
დამთავრებული და რესტორნებიდან დაწყებული აეროპორტის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით
დამთავრებული. ბარათი შეგიძლიათ შეიძინოთ ტურისტულ საინფორმაციო ბიუროში,
სასტუმროებში, ტურისტულ სააგენტოებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის  ბილეთების მსხვილ სალაროებში (BKV).

ბუდაპეშტის
სასტუმროები

ბუდაპეშტის სასტუმროებს, ევროპის უამრავი დედაქალაქისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელი „ფასი-ხარისხი“ აქვთ. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს „ეკონომ“ კლასს ეხება. ბუდაპეშტის სამვარსკვლავიანი სასტუმრო – ეს არის სრულყოფილი საუზმე (შვედური მაგიდა), თანამედროვე ავეჯით მოწყობილი ნომრები, კეთილგანწყობილი პერსონალი.

Hotels ბუდაპეშტი: 3 stars

წარმოიქმნება უკვე
ცნობილი დილემა: გავჩერდეთ შედარებით ძვირადღირებულ ბუდაში  (სასტუმროები, ვილები, ქალაქგარეთ მდებარე
მთელი კომპლექსები) თუ ცოცხალ და უფრო დემოკრატიულ პეშტში. რაც არ უნდა აირჩიოთ,
არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც ბუდაპეშტის ყველა სასტუმროს ეხება, განურჩევლად
რაიონისა.

ქალაქში დაახლოებით 20 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომლებშიც ორადგილიანი ნომრის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება.  დღე-ღამეში მინიმალური ღირებულება შეადგენს 32 000 ფორინტს, საშუალო – 150 000 ფორინტს. დაჯავშნისას ყურადღებით იყავით:  მაღალი სტატუსის მიუხედავად, შეთავაზებაში ხშირად არ შედის საუზმე, რომელიც ადგილზე დამატებით უნდა გადაიხადოთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სასტუმრო „აკვინკუმი“ ობუდაში საკუთარი თერმული წყაროებით. ეს არის „ბიუჯეტური“ 5 „ვარსკვლავი“, მაგრამ ყველა ნომერში არ შედის უფასო სპა. ხოლო თუ შედის, ნომრის ფასი ორჯერ იზრდება.

სასტუმროების
რაოდენობით „სამვარსკვლავიანი“ ჭარბობს (150-ზე მეტი); ისინი თითქმის ორჯერ მეტია
ვიდრე „ოთხვარსკვლავიანი“, მაგრამ ამ უკანასკნელში უფრო ხშირადაა საბანაოები..
ერთი შეხედვით, მათი ფასი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასიდან დიდად არ
განსხვავდება, მაგრამ ამ შემთხვევაში 16 600-26 000 ფორინტი არის ორადგილიანი
ნომრის საშუალო ფასი, ხოლო 45 000-55 000 ფორინტი – უკვე ზედა ფასის კატეგორია.
რაც შეეხება „სამვარსკვლავიანებს“, მათ აქებენ 
და ეს შემთხვევითი არ არის. მათი უმრავლესობა პეშტის ცენტრალურ ნაწილში
მდებარეობს, ფასში შედის საუზმე და მრავალი ვარსკვლავის მქონე სასტუმროებისგან
ზოგჯერ მხოლოდ ნომრის სიდიდით განსხვავდება. ბუდაპეშტის სამვარსკვლავიან
სასტუმროში ორადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულება – 10 500 ფორინტიდან იწყება.

ბუდაპეშტში ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული განთავსების ვარიანტია აპარტამენტები (ფასის ქვედა ზღვარი – 12
370 ფორინტიდან). აქ იშვიათად შეხვდებით „სასტუმროს“ მომსახურების სრულ კომპლექტს,
მაგრამ შედარებით დაბალი ღირებულება და კომფორტი (ყველას არ მოსწონს 12 მეტრიან პატარა
ოთახში შეყუჟვა) თავისთავად უპირატესობას წარმოადგენს. ევროპის სხვა ადგილების
მსგავსად, ბუდაპეშტშიც ბევრი ჰოსტელია. ფასი ერთი საწოლი საერთო ნომერში 3230
ფორინტიდან და 5 000 ფორინტი ორადგილიანი ნომრისთვის სართულზე განთავსებული სველი
წერტილით.

სასტუმროების პერსონალი, როგორც წესი,  თავისუფლად ფლობს ორ ენას: ინგლისურსა და
გერმანულს. მათ ხშირად ემატება რუსული, რომელიც უნგრეთში საბჭოთა პერიოდიდან
ახსოვთ. რეგისტრაციის დახლთან სარეკლამო ბროშურების გარდა შეგიძლიათ მიიღოთ
ქალაქის რუკები, ძირითადი ტურისტული მარშრუტების ბუკლეტები, ტაქსი გამოძაიხოთ,
ველოსიპედების ქირაობის პირობებს გაეცნოთ.

შოპინგი

თუ თქვენთვის არ არის საკმარისი, რომ ჩემოდნიდან უამრავ შემთხვევით
შეძენილ ნივთს ამოაწყობთ, სალიამიდან დაწყებული მაგნიტებითა და ნაქარგი
ხელსახოცებით დამთავრებული, მოდით ვნახოთ თუ რაში და სად შეიძლება დახარჯოთ ფული
ბუდაპეშტში.

რა შევიძინოთ

ტრადიციული საკვები. ღვინოსა
(ერთი ბოთლი 300 ფორინტიდან) და ადგილობრივი
ლუდის (180 ფორინტიდან)
შეძენას გვირჩევენ არა „დიუთი-ფრიში“:
 ქალაქის ბაზრებსა
და პროდუქტების მაღაზიებში
არჩევანიც დიდია და
ფასებიც დაბალია. პალინკა (ხილის ბრენდი) სასურველია ცნობილი
ბრენდის შეიძინოთ, რადგან იაფი
ანალოგები ორიგინალური გემოსგან შორსაა.
მწარე ლიქიორ „უნიკუმს“ (40 ბალახეულზე დამზადებული) საოჯახო კომპანია Zwack აწარმოებს; გაყიდვაში სასმელის გაზიანი ვერსიაც კი გამოვიდა „უნიკუმ ნექსთი“,
რომელიც, როგორც დასახელებიდან ჩანს,  ახალგაზრდა
აუდიტორიაზეა გათვლილი.

უნგრული
სალიამი არა მხოლოდ მთელ ევროპაშია განთქმული, არამედ შესანიშნავად უძლებს ტრანსპორტირებას. ამიტომ ბუდაპეშტში
აუცილებლად უნდა შევიძინოთ  Pick ბრენდის სალიამი.
დედაქალაქში ასევე აწარმოებენ Herz
სალიამის, რომელიც შიდა ბაზარზეა პოპულარული, მაგრამ უნგრეთის ფარგლებს გარეთ
ნაკლებად ცნობილია. ტუბებში მოთავსებული წითელი წიწაკის პასტა (pirosarany) – კიდევ ერთი ადგილობრივი პროდუქტია,
რომელსაც სხვაგან ძნელად
თუ შეიძენთ. ბუდაპეშტიდან
ასევე მიაქვთ შაფრანი,
მარციპანი და სხვა
ტკბილეული. მაგალითად მრავალფენიანი ტორტი დობოში (Dobos
torta) შოკოლადის კრემითა და
კარამელით, რომელსაც სხვაგან
ვერსად შეიძენთ.

თუ საკვები პროდუქტების შეძენა დაასრულეთ, რას
იტყვით ხალხური მოტივების შესახებ? როგორც
ავსტრო-უნგრეთის იმპერიის
სხვა ქვეყნებმა, უნგრეთმაც
შეინარჩუნა ამოქარგული მკვეთრი ფერების ეროვნული სამოსი. ტურისტები დიდი რაოდენობით ყიდულობენ ნაქარგ სუფრებს, ფარდებს, თეთრეულს. ნამდვილი
უნგრული ფაიფურის პოვნა ბევრად უფრო რთულია. ქვეყანაში რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მას
ორი უმსხვილესი ქარხანა აწარმოებდა, ჟოლნაი და ჰერენდი. დღესაც ასეთი ჭურჭელი –
ფუფუნების საგანია, ხოლო ეკონომიკური ვარდნის გამო საჭირო გახდა საწარმოო
სიმძლავრეების მნიშვნელოვნად შემცირება. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს,
რომ ქალაქის ცენტრში ან ციხესიმაგრის რაიონში მდებარე სუვენირების მაღაზიებში საკმაოდ ხშირია ჩინეთში
წარმოებული ერთდღიანი
ნაკეთობები.

სად
შევიძინოთ

ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ სავაჭრო ცენტრები: ზოგიერთი
მათგანი იმდენად დიდებულია, რომ
მათი მონახულება რეკომენდებულია როგორც არქიტექტურული
ღირსშენაშნაობისა. პირველ რიგში
ეს არის დახურული
ცენტრალური ბაზარი, რომელიც მე-19
საუკუნის შენობაში მდებარეობს.
აქ მოდიან ადგილობრივი პროდუქტების, ალკოჰოლის, Made in Hungary ტანსაცმლისა და სუვენირების
შესაძენად. Lehel-ის ბაზარი, რომელიც ამავე სახელწოდების
ქუჩაზე მდებარეობს,  „ადგილობრივების“
ბაზრად ითვლება, რომელიც ძირითადად სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობს. სწორედ
Lehel-ზე ჩამოაქვთ გლეხ ფერმერებს ბოსტნეული, ხილი და საოჯახო პროდუქცია.

ბუდაპეშტში იმ სავაჭრო ცენტრების საკმარისი რაოდენობაა,
სადაც ტანსაცმლის ქსელური მასობრივი მარკებია წარმოდგენილი.
მაგალითად, ცენტრალური ბაზრიდან ფეხით
სავალ მანძილზეა
West End. ამჟამად ბუდაპეშტის ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია Arena Plaza (200-ზე
მეტი მაღაზია), რომელიც
ისტორიული ცენტრიდან რამდენიმე
კილომეტრში მდებარეობს.
Armani, Zegna, Gucci, Louis Vuitton, Burberry, Dior, Versace, Lanvin ბრენდების
ბუტიკები ქალაქის ცენტრში, ანდრაშის გამზირზე მდებარეობს. ბევრს აკვირვებს ქალაქის
ცენტრში უამრავი სექენდ-ჰენდის არსებობა. ბუდაპეშტს
ზოგჯერ „მეორადების“ ევროპულ
დედაქალაქსაც უწოდებენ. ამ
სეგმენტის ზოგიერთ მაღაზიას
 ელიტარობასა
და ვინტაჟურ ბრწყინვალებაზე
აქვს პრეტენზია (მაგალითად ქსელი Szputnyk, რომელსაც ქალაქში რამდენიმე
მაღაზია გააჩნია).

ჩვეულებრივ მაღაზიები კვირაობით არ მუშაობს, შაბათს კი ადრე იკეტება. თუმცა სუპერმარკეტებსა და კერძო მაღაზიებში ამ წესს ხშირად არღვევენ. ბაზრობები კვირაობით დაკეტილია, ხოლო შაბათს უკვე 13:00 საათზე ცარიელდება.  სავაჭრო ცენტრები სტაბილურად ღიაა შაბათს 19:00-21:00 საათამდე.  „ტეკოს“ ქსელის ზოგიერთი მაღაზია ღიაა 24 საათის განმავლობაში.

ასევე იხილეთ:

Facebook კომენტარები