ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინირებული პირებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საჭირო ცნობას მისაღებად ინსტრუქციას აქვეყნებს. ჯანდაცვის უწყების თანახმად, ვაქცინირებულ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.

სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე ცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) მოითხოვონ, რომელიც, ასევე, ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

"მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დამოწმდეს. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში არ ინახება, აპოსტილი შეიძლება დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ იქნას დასმული", — აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა ვერ ხერხდება, შეგიძლიათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს მიმართოთ და მათ მიერ გაცემული ცნობა სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინოთ.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე დროებით ღონისძიებას წარმოადგენს.

ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ადასტურებს.

ცნობა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე შემდეგ
ინფორმაციას მოიცავს:

  • ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი
    ნომერი, დაბადების თარიღი;
  • ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი;
  • სამედიცინო დაწესებულების დასახელება;
  • ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის
    განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის
    შემთხვევაში).
Facebook კომენტარები