2020 წელი, ნამდვილად, კაცობრიობის მტერი აღმოჩნდა. რა დრო დადგა, არა?! 21:00 საათზე მკაცრად სახლში უნდა ვიყოთ, კაფეში ყავაც ვერ დაგვილევია! ვიდეოზარებით გვიწევს ჭორაობა, ახლად გამოსულ ფილმს დიდ ეკრანზე ვეღარ ვუყურებთ, ვინღა ჩივის რეკლამებზე ერთიანად შეჭმულ პოპკორნს?! თეატრის მტვერსაც რომ ვეღარ ვსუნთქავთ?! მეგობარი მეგობარს ვეღარ ეხუტება და ამ პირბადეშიც სუნთქვა უკვე ძალიან ჭირს. სხვა ყველაფერთან ერთად, მუდმივად საწუწუნო თემა გაგვიხდა დაორთქლილი სათვალე და რეზინისგან ნატკენი ყურები…

თუმცა, ამ პანდემიამ ყველაზე ძვირფასი – მოგზაურობა წაგვართვა, ყველა გზა გადაგვიჭრა. არადა, შეხვალ საიტზე, ხედავ, ფრენებია, ბილეთებია, მაგრამ რა გინდა, კაცმა რომ ქნა?! ვერ მოგზაურობ, ვერსად მიფრინავ. ყველაზე მწარე, ალბათ, ის შეგრძნებაა, რომ, აი, მაგალითად, ამ წინადადებაში თვითმფრინავის ბილეთებია გალინკული, გაგიხარდება ადამიანს, გადახვალ და – ნურას უკაცრავად! მხოლოდ ევროპის ქალაქების ჩამონათვალით ტკბობა შეგიძლია, მეტი არაფერი.

კარგი, მოდი, ძალიან სევდასაც რომ არ მივეცეთ, ცოტა გავერთოთ და ის მომენტები გავიხსენოთ, რაც მოგზაურობისას ყველაზე არასასიამოვნოა, არასდროს გვიყვარდა, თუმცა ახლა ძალიან მოგვენატრა:

  1. ვინც ხშირად ვმოგზაურობთ, ალბათ, ერთხელ მაინც შეგვმთხვევია, რომ ბარგის ზომებში (მიუხედავად იმისა, რომ სახლში ასჯერ გავზომეთ და ერთხელ გავჭერით) ვერ ჩავეტიეთ და აეროპორტში მოგვიწია ყველა შესაძლო ტანსაცმლის ჩაცმა.

                           

2. როცა ჩასხდომა გამოაცხადეს და ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბის რიგისკენ.

                               

სად ეჩქარებათ? მათ გარეშე გაფრინდება თვიმთფრინავი? რატომ უნდათ რიგში პირველი დგომა? ამ და სხვა კითხვებით ხართ ხოლმე თქვენც ასე მშვიდად სკამზე მოკალათებული და ელოდებით, როდის შეცოტავდება გეითთან ადამიანების რაოდენობა?

                           

3. როგორც იქნა, ავაღწიეთ თვითმფრინავში! და, აი, ისიც – ბარგის მოთავსების უხერხული მომენტები და ყველაზე გავრცელებული ფრაზები: “უკაცრავად, ეს ჩემოდანი გაწიეთ, რა!”, “ეს ჩემი ადგილია, თქვენი ბარგი სხვაგან გადადეთ!”, “ეს ჩანთა ვისია? ჩემი არ მეტევა!”, “ვინმე დამეხმარეთ, რა” და, რა თქმა უნდა, ის ერთი ადამიანი, ალბათ, ყველა რეისზეა, რომელიც გადაწყვეტს, თვითმფრინავის ყველა მგზავრს ბარგის მოთავსებაში დაეხმაროს და, რატომღაც, არავინ იცის, რატომ, ძალიან გაბრაზებული აკეთებს ამ კეთილ საქმეს.

                                 

4. სავარძლებში მოვთავსდით, ბარგიც ადგილზეა, თვითმფრინავი დაიძრა და ჯერ ხმა გვესმის, რომ “კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება (ამა თუ იმ) კომპანიის რეისზე”, გვამცნობენ, რამდენ ხანს გასტანს ჩვენი ფრენა და რომ, რა თქმა უნდა, “თვითმფრინავში მოწევა სასტიკად აკრძალულია!”. ამ ყველაფერს რამდენიმე ენაზე ვისმენთ, შემდეგ კი დგება, აი, ეს მომენტი:

                                 

და, მოდით, ვაღიაროთ, რომ ამ ინსტრუქციებს არასდროს ვუსმენთ. მხოლოდ ერთი ფიქრი გვიტრიალებს თავში, რომ თვითმფრინავმა შეწყვიტოს ამდენი წრის დარტყმა და გაფრინდეს! სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ ადამიანებს, რომ აგვიხსნან, საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ჩვენთვის კი ეს ყველაფერი თითქოს საათები გრძელდება…

5. კარგი, როგორც იქნა, აკრიფა ჩვენმა თვითმფრინავმა სიჩქარე და ავფრინდით, ღრუბლებით ვტკბებით, ვიდეოებს ვიღებთ ილუმინატორიდან (თუ გაგვიმართლა და ფანჯარასთან მოვხვდით) და ამ ყველაფრით ტკბობას რომ დავასრულებთ, მხოლოდ შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ გვერდით შეიძლება, რამდენიმე ტიპის ადამიანი გვეჯდეს. ერთ-ერთი ასეთი, პანიკიორი მოგზაურია, რომელიც გამცილებელს ყოველ წუთას ეძახის.

                                   

ძირითადად, ასეთ მგზავრებს კითხვები არ ელევათ, თუმცა ყველაზე გავრცელებული და ხშირად დასმული კითხვაა: “რამდენ ხანში ჩავალთ?” ან “მალე ჩავალთ?” ან უფრო უარესი: “რით ვერ ჩავფრინდით?”

6. ბავშვი! აქაც, თვითმფრინავში ბავშვის რამდენიმე ტიპი არსებობს: 1. რომელიც ტირის 2. რომელიც საზურგეს ფეხებს ურტყამს 3. რომელიც ძალიან აქტიურია და, დაახლოებით, ასეთი შემაწუხებელია:

                                 

7. და, აი, ის მგზავრი, რომელსაც სახლიდან, წესით და რიგით, ნათესავთან ჩასატანად აქვს წამოღებული ხაჭაპური, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა ტრადიციული კერძები, თუმცა ყველაფერს თვითონ მიირთმევს

                                   

8. როგორც იქნა, კომფორტულად თუ არაკომფორტულად, მაინც გავიდა რამდენიმე საათი და თვითმფრინავი დაჯდა. აქ კი იყოს ეს აპლოდისმენტები, არა იმისთვის, თუ როგორ დაჯდა თვითმფრინავი, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოლომდე დაელოდნენ თვითმფრინავის დაჯდომას და ფეხზე, ეგრევე, ბარგით ხელში არ წამოდგნენ

                                     

თუმცა, არსებობს რეისი ასეთი ადამიანების გარეშე?

9. კარგი, თვითმფრინავიდან და აეროპორტიდან გამოვიდეთ, ჩავისუნთქოთ უცხო ქალაქის სურნელი და ახლა ის საშინელი მომენტი გავიხსენოთ, როდესაც დაჯავშნილი სასტუმროს ან სახლის ფოტოები მოლოდინს საერთოდ, საერთოდ არ ამართლებს

                             

მივედით, ბარგის დატოვებას ვჩქარობთ, რომ რაც შეიძლება, იმ დღეს ყველა საჭირო ადგილის დათვალიერება მოვასწროთ და… “რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა” პრინციპით, საერთოდ არ გაგვიმართლა.

10. აი, ის საშინელი მომენტი, როდესაც შენს ქვეყანაში მეტროს სულ 3 ხაზია, უცხო ქალაქში ჩასულს კი გადაადგილება ამ ტრანსპორტით აუცილებლად გიწევს და საერთოდ ვერ ერკვევი, რომელ ხაზზე უნდა დაჯდე, რომ სასურველ ადგილას მიხვიდე.

                             

11. ის მწარე მომენტიც ხომ გამოგიცდიათ, როდესაც ღირსშესანიშნაობასთან უზარმაზარი რიგია, თქვენ კი, დროის უქონლობის გამო (იმიტომ, რომ კიდევ სხვა ბევრი ადგილი უნდა მოინახულოთ), მხოლოდ მისი ვიზუალით ტკბობა გიწევთ.

                           

12. ყველაზე ცუდი შეგრძნება კი მაინც ის არის, როდესაც მოგზაურობის დღეებმა ძალიან სწრაფად გაიარა და ხვდებით, რომ ხვალ სამშობლოში დაბრუნება გიწევთ.

                               

დიახ, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის, მოგზაურობის ტკბილ დღეებსა და ამ სტატიასაც. 2020 წელი მალე დასრულდება და იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 წელი წინა წლის ყველა დანაშაულს გამოისყიდის და ისევ შევძლებთ ერთად შეკრებას, ჩახუტებას, საოცნებო ქვეყნებში მოგზაურობასა და ძველებურ გარემოში ცხოვრებას.

მე კი იმას გისურვებთ, რომ როდესაც ფრენები აღდგება, თვითმფრინავში, მინიმუმ, აი, ასეთ მგზავრებს შუა ჯდომა არ მოგიწიოთ.

                           

Facebook კომენტარები