ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება სოლიდარობის ნიშნად იმ ქვეყნების დროშებით გაანათეს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა.
ქანდაკებაზე, რომელიც მთელ ქალაქს გადმოჰყურებს, ასევე გამოჩნდა სხვადასხვა ენაზე დაწერილი ფრაზა #ერთადვილოცოთ.
ქანდაკების ტურისტული ზონა ამჟამად უსაფრთხოების გამო დაკეტელია, თუმცა 18 მარტს ამ გზავნილის ხილვა მთელი ქალაქიდან იყო შესაძლებელი.
ცალკეული ქვეყნების დროშებთან ერთად ქანდაკებაზე გამოსახული იყო ყველა კონტინენტიც.
მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ბრაზილიაში 635 შემთხვევას ითვლიან.