ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც პირველი ივლისიდან თავის საზღვრებს უხსნის და მათ შორის საქართველოც მოხვდა. საზღვრები გაიხსნა ასევე ალჟირისთვის, ავსტრალიისთვის, კანადისთვის, იაპონიისთვის, კორეისთვის, მონტენეგროსთვის, მაროკოსთვის, ახალი ზელნადიისთვის, რუანდასთვის, სერბეთისთვის, ტაილანდისთვის, ტუნისისთვისა და ურუგვაისთვის.
ჩინეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მაშინ მოიხსნება, როცა ჩინეთიც დაუშვებს ევროკავშირიდან მოქალაქეებს. ქვეყნების სია ეპიდსიტუაციის მიხედვით ყოველ ორ კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად განახლდება.
30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ 15 "უსაფრთხო" ქვეყნის სია, რომელთანაც პირველი ივლისიდან მოგზაურობას აახლებს. მათ შორის მოხვდა საქართველოც.
მოგზაურთა დასაშვებად, მესამე ქვეყნებისთვის განმსაზღვრელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა, ფიზიკური დისტანცია და ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
- კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
- ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
- ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.
ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს მიერ შეთავაზებული ქვეყნებიდან მხოლოდ რვას გაუხსნის საზღვარს. მათ სიაში ვერ მოხვდა საქართველო. საქართველოსთან ერთად შეხეთმა სიიდან ამოიღო ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.