მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ ტემპერატურა არ აქვთ. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანმა მოუწოდა მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის რეგულაციები ცვალებადია და პირობები 14 დღეში ერთხელ იცვლება.

ასევე, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.

ჩიქოვანის განმარტებით, ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. მანვე დაასახელა წესები და პირობები, რომელიც ტურისტების შემოსვლისას იმოქმედებს.

"საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა. ასევე, ამ ინფორმაციაში იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე, ანკეტაში იქნება ინფორმაცია, სადაც იქნება გათვალისწინებული, თუ სად აპირებს გაატაროს დრო და დარჩეს ჩვენი ქვეყნის სტუმარი საქართველოში ყოფნის პერიოდში და მისი საკონტაქტო ინფორმაცია", — განაცხადა ჩიქოვანმა.

გაიგეთ მეტი:

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა, საქართველო მათ 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით გაუხსნის საზღვარს. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი არ გაუხსნეს, არც საქართველო უხსნის საზღვარს.

Facebook კომენტარები