ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ევროკომისია მზადაა ევროპის პარლამენტს საქართველოს შესახებ უვიზო რეჟიმის რეკომენდაცია მომავალ კვირაში წარუდგინოს.

"ეს არაოფიციალური ინფორმაცია ჩვენ ევროკომისიის აპარატიდან მივიღეთ. ისინი მზად არიან, რომ ევროპარლამენტს წარუდგინონ თხოვნა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ. ველოდებით, რომ მომავალ კვირას ეს წარდგენა აუცილებლად მოხდება" - აღნიშნა მან On.ge-სთან ინტერვიუში.

ლევან ბერძენიშვილმა იმ ეტაპებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველო ევროპარლამენტში რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ გაივლის. მისი ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროპის პარლამენტში გაიმართება სათანადო კომიტეტის სხდომა, შემდეგ - პლენარული სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიან.

"მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ევროპის პარლამენტის თავჯდომარე და ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის პირველი პირი მოაწერენ ხელს ერთობლივ დეკლარაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მიმართ აღარ იყოს ხანმოკლე ვიზებზე მოთხოვნა. ამის შემდეგ კი ეს დოკუმენტი გამოქვეყნდება, საიდანაც 1 კვირაში საქართველოს მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით ხელში მიადგება ევროპას" - თქვა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ეს ეტაპები 2-დან 6 თვემდე დროს მოითხოვს.

"გააჩნია რა ტემპით წავა პროცესი. ეს შესაძლოა მოესწროს ივნისამდე, თუმცა აუცილებლად დასრულდება სექტემბრამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივნისამდე პერიოდში ჩავეტევით" - აღნიშნა მან.

ბერძენიშვილის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესები დროებით გადადებულია და საქართველო ამ ეტაპებს ცალკე გაივლის.

Facebook კომენტარები