მართალია, ზაფხულთან გამომშვიდობებამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, მაგრამ აგვისტო ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ადამიანების უმეტესობა შვებულებაში გადის.

ჩანთაში საჭირო ნივთები ჩალაგებულია, სამსახურეობრივი მოვალეობებიც მოთავებული, მოკლედ ყველაფერი მზად არის, რომ ფურცლების, საქმიანი შეხვედრებისა და თათბირების ნაცვლად ზღვის სანაპიროს მივაშუროთ ან ლამაზ ბუნებაში მედიტაციით დაკავდეთ.

ბუნება... რამე ხომ არ გავიწყდებათ? მართალია, შვებულებაში გადიხართ, მაგრამ რას უპირებთ მცენარეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სახლში ჰარმონიულ გარემოს გიქმნიდნენ? ნუთუ ისინი არ იმსახურებენ, რომ სანამ თქვენ სანაპიროზე სელფის გადაღებით იქნებით გართული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს?

იმისათვის, რომ მოგზაურობით მიღებული სიამოვნება, თქვენი საყვარელი მცენარეების გახმობისა და სიკვდილის ფასად არ დაგიჯდეთ, რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს.

ტერარიუმის მეთოდი

სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, თქვენს მცენარეს ყველა მკვდარი ფოთოლი მოაცალეთ და უხვად მორწყეთ, ისე რომ მიწა კარგად გაიჟღინთოს. შემდეგ დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარე მაინცდამაინც მზის გულზე არ გიდგათ და მიწაში ე.წ. საშხაპის პრინციპით გაკეთებული სარწყავი ჩადგით.

მსგავსი სარწყავის სახლის პირობებში დასამზადებლად საჭიროა, რომ აიღოთ ერთი დიდი ბოთლი, გაავსოთ წყლით, თავსახური გახვრიტოთ და უბრალოდ ჩაარჭოთ მიწაში. ის აუცილებლად დაეხმარება თქვენს მცენარეს, რომ მიწა მუდმივად სველი იყოს და შესაბამისად წყურვილისაგან არ გახმეს. მეტიც, ამ მეთოდით თქვენი საყვარელი მცენარეები ორ კვირაზე მეტხანსაც კი შეინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობასა და სიჯანსაღეს.

იზრუნეთ, რომ ნიადაგი დატოვოთ ტენიანი

ეს თითქმის იგივე მეთოდია რაც წინა, უბრალოდ ამ შემთხვევში თქვენ ე.წ. წყლის გლობუსები უნდა გამოიყენოთ, რომელიც თავად არჩევს საჭირო რაოდენობის წყალს თქვენი მცენარისთვის. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს იმაზე ვერც მეტ და ვერც ნაკლებ წყალს ვიდრე სჭირდება.

უბრალოდ დატოვეთ ამისთვის ვინმე სხვა

თუ მცენარეებს, უკვე გამოცდილ და საკმაოდ ეფექტურ გამოგონებებს მაინც ვერ ანდობთ, მაშინ საუკეთესო საშუალება, მათთვის ყურადღების მისაქცევად სახლში ვინმეს დატოვებაა, მაგალითად, საუკეთესო მეგობრის ან მეზობლის. ამ სიიდან კატეგორიულად გამორიცხეთ ისეთი ცელქი შინაური ცხოველი როგორიც კატაა, მისი მიამიტი გამომეტყველებით ნუ მოტყუვდებით.

მოგზაურობიდან ჩამოსულს კი თქვენი მცენარეები საღსალამათი და ისევ ისეთივე ბედნიერები დაგხვდებათ, როგორიც დატოვეთ. მათზე ზრუნვას კი უკვე განახლებული ძალებითა და მეტი სიყვარულით შეძლებთ.

Facebook კომენტარები