"ალექსის ქერი 49 ქვეყანას ესტუმრა. ეს ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა." — ასეთი შესავალი აქვს ავსტალიურ news.com.au-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ჟურნალისტი მისი საქართველოში მოგზაურობის უსიამოვნო დეტალებზე საუბრობს.
ალექსის ქერი ავსტრალიელი ჟურნალისტი და ფრილანსერია, რომელიც მსოფლიოს გარშემო საკუთარი სახსრებით მოგზაურობს და ყოველი ახალი ქვეყნის მონახულების შემდეგ, თავის გამომწერებს ინსტაგრამზე შთაბეჭდილებებს უზიარებს.
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჟურნალისტმა მოინახულა, საქართველო იყო. როგორც თავის ბლოგში წერს, საქართველომ მას და მის პარტნიორს ძალიან გაუცრუა იმედი და სწორედ ამიტომ, კრიტიკული მასალის დაწერა გადაწყვიტა.
„ტურისტულ წიგნებს თუ დავუჯერებთ, საქართველო თვალწარმტაცი სოფლების, გემრიელი სამზარეულოს, ღვინისა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ხალხის ქვეყანაა. სინამდვილეში კი, ასე არაა“ - წერს ქერი.
ავსტრალიელი ჟურნალისტი იხსენებს, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოში მოგზაურობა და რას ელოდა ერთკვირიანი ვიზიტისას, სინამდვილეში კი სულ სხვა რეალობა დახვდა:
„როდესაც საქართველოში მოგზაურობაზე დავფიქრდით, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, ამიტომ გუგლის მეშვეობით რაღაც ინფორმაცია შევაგროვეთ. სიმართლე გითხრათ, მაშინვე მომეწონა საქართველოში მოგზაურობის იდეა, რადგან ყველა ფორუმი აღნიშნავნა მომხიბვლელი, ქვაფენილიანი ქალაქის შარმსა და სტუმართმოყვარე ხალხს“.
ალექსის ქერი ამბობს, რომ ეს შესანიშნავი იმიჯი, რომელიც ინტერნეტმა შეუქმნა საქართველოს, დედაქალაქში ჩამოსვლისთანავე გაქრა. ის თბილისის ქუჩებს დაბინძურებულ და დამტვრეულ ადგილებად მოიხსენიებს და ამასთან, ქართველების უკულტურობასა და აგრესიულობასაც ხაზს უსვამს:
„თუკი მართლა არსებობს ცნობილი ქართული სტუმარმოყვარეობა, ჩვენ მისი აღმოჩენა ერთი კვირის განმავლობაში ვერაფრით მოვახერხეთ, თუ სტუმართმოყვარეობაში არ ჩავთვლით დაბღვერილ მოხუც კაცს, გიჟივით მოსიარულე ტაქსისტებს ან დიასახლისებს, რომელბიც სუპერმარკეტის რიგში თავზე გახტებიან, ან მიმტანებს, რომლებიც თვალებშიც კი არ გიყურებენ, გაღიმებაზე საუბარი ზედმეტია, ან კიდევ - სასტუმროს მეპატრონეებს, რომელთა ერთადერთი საკომუნიკაციო ფორმა ბუზღუნია, როცა ოთახისკენ მიგითითებენ და მიდიან“, - წერს ალექსის ქერი.
ყველაფერთან ერთად, ავსტრალიელი ქართულ სამზარეულოსაც უჩივის. საქმე ისაა, რომ ალექსის ქერის ძალიან მოეწონა ქართული კერძები, მაგრამ აღნიშნავს, რომ საკვებმა მოწამლა და დარჩენილი დღეები მხოლოდ პურს ჭამდა.
ჟურნალისტს საქართველოს შექებაც არ გამორჩენია. მისი აზრით, საქართველოში მართლაც შთამბეჭდავი ბუნება და ღვინოა.
სტატიას ქერი შემდეგი სიტყვებით ასრულებს:
„ცხადია, შესაძლოა ჩვენ არ გაგვიმართლა და ყველაზე უხეშ ქართველებს გადავეყარეთ, თუმცა იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც შევხვდით, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენი ვიზიტი საქართველოში დროზე ადრე დაგვესრულებინა, არა და, კიდევ ხუთ დღეს ვაპირებდით დარჩენას. დავბრუნდებით თუ არა მალე საქართველოში? მოდით ასე გიპასუხებთ - მირჩევნია ჩრდილოეთ კორეისკენ დავჯავშნო ბილეთები. დარწმუნებული ვარ, იქ უფრო სასურველი სტუმარი ვიქნები“.