წინდები სასაჩუქრე შეფუთვებში ხშირად ხვდებიან ხოლმე და ეს გასაკვირი სულაც არ არის. წინდები, განსაკუთრებით კი ფერად-ფერადი და საყვარელი წინდები, ყველას უყვარს, ისინი ჩვენთვის კომფორტსა და სითბოსთან ასოცირდება.

როგორც წესი, წინდების საყიდლად თქვენ მახლობლად არსებულ სავაჭრო ცენტრში წასვლაც საკმარისია ხოლმე, მაგრამ ეს სტატია ჩვეულებრივ წინდებზე არ არის. აქ ატლანტის ოკეანის შუაში არსებულ ვულკანურ კუნძულზე, ტრისტან-და-კუნიაზე სპეციალურად თქვენი შეკვეთით მოქსოვილ წინდებზე ვსაუბრობთ, რომლის შესაძენადაც სულ სხვა ტიპის ძალისხმევაა საჭირო.

ტრისტან-და-კუნია ერთ-ერთი ყველაზე მიუწვდომელი კუნძულია, რომელზე მოსახვედრადაც გემს სამხრეთ აფრიკიდან ექვსი დღე სჭირდება. კუნძულზე 267 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა სოფლის-მეურნეობითაა დაკავებული. კუნძული თვეში ერთხელ გემით მარაგდება, ზოგჯერ კი მას სათევზაო კატარღებიც სტუმრობენ ხოლმე.

ამ ტერიტორიაზე ადამიანები 1810 წელს დასახლდნენ, მას შემდეგ კი კუნძულზე რამდენიმე საინტერესო ტრადიცია ჩამოყალიბდა. წელიწადში ერთხელ იმართება თაგვების დღე, რა დროსაც კუნძულის მოსახლეობა გუნდებად იყოფა, შემდეგ ისინი კარტოფილის ნათესებში თაგვებზე ნადირობას იწყებენ, გამარჯვებული ის გუნდია, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტი თაგვის მოჭრილ კუდს შეაგროვებს.

უფრო საყვარელი და ნაკლებად ძალადობრივი ტრადიცია წინდებს ეხება, რომელსაც ადგილობრივები სიყვარულის გამოსახატად ქსოვენ.

"ადრე კუნძულელები საკმაოდ მორცხვები იყვნენ და საუბარი არ უყვარდათ, რის გამოც სიყვარულის გამოსახატად საინტერესო ხერხი მოიფიქრეს", — აცხადებს კუნძულის მცხოვრები დონე რეპეტო.

მოწონების შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთს წინდებს უქსოვდნენ, მათზე არსებული ზოლები კი სპეციალურ შეტყობინებას ატარებდა — რაც უფრო მეტი ხაზი ჰქონდა მას, მით უფრო ძლიერი იყო გრძნობაც.

"მაგალითად, თუ ვინმეს ხუთზოლიან წინდას აჩუქებდი, ეს თითქმის ხელის თხოვნის ტოლფასი იყო", — აცხადებს ის.

ფოტო: Dawn Repetto

ტრადიციულად, ქალი საკუთარ რჩეულს წინდას უქსოვდა, იმდენი ზოლით, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა. წინდის ადრესატი კი საპასუხოდ, დაინტერესების შემთხვევაში ქალისთვის მოკასინებს ქსოვდა. შემდეგ ქალი კაცს მისი ტანსაცმლის გარეცხვას შესთავაზებდა, ეს საბოლოო ნიშანი იყო იმისა, რომ წყვილი ქორწინდებოდა.

ტრისტან-და-კუნიაზე სიყვარულის წინდები ტრადიციული მიზნებისთვის კვლავ იქსოვება, ისევე როგორც სუვენირებად. კუნძულზე მოხვედრა საკმაოდ ძნელია, თუმცა გემის საშუალებით, რომელიც კუნძულს თვეში ერთხელ სტუმრობს, წინდების შეკვეთა თქვენც შეგიძლიათ.

რეპეტოს თქმით, შეკვეთის შემდეგ თქვენი მითითებების მიხედვით წინდების მოქსოვა რომელიმე ადგილობრივს დაევალება, საბოლოოდ კი ის კუნძულიდან გემის საშუალებით გამოიგზავნება.

სამწუხაროდ, წინდების შეკვეთისას ორდღიანი შიპინგის არჩევის საშუალება არ გექნებათ, სასიყვარულო წინდების თქვენამდე მოსატანად რამდენიმე თვე იქნება საჭირო. თუმცა, თუ გსურთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ორიგინალური საჩუქრით გაახაროთ, ატლანტის ოკეანეში არსებული ვულკანის ძირში მოქსოვილ სასიყვარულო წინდებზე უკეთესი საჩუქრის პოვნა მგონია, რომ გაგიჭირდებათ.

თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა.

Facebook კომენტარები