Wizz Air ქუთაისიდან ორ დამატებით ავიახომალდსა და თორმეტ ახალ მიმართულებას 2019 წლის ნაცვლად 2020 წელს დაამატებს. ავიაკომპანიამ რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320 ავიახომალდისა და თორმეტი ახალი მიმართულების დამატება დააანონსა ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, ჰერაკლიონში, კარლსრუე/ბადენ ბადენში, ნეაპოლში, ნიცაში, ნიურნბერგში, პიზაში, პოზნანში, სტოკჰოლმში, ტურკუსა და ვენეციაში.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მათთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე გავლენა მოახდინა. მათივე თქმით, 2019 წლის ივნისში დაანონსებული მეოთხე და მეხუთე ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, თორმეტი ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.

"მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ზემოთ ხსენებული თორმეტი მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ. მგზავრებს შეეთავაზებათ ბილეთის ცვლილება (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100% დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120%-ის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე", — აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

Facebook კომენტარები