28 წლის ლუ ჩაომ, რომელსაც აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ანცინის აეროპორტიდან პირველად უნდა ემგზავრა თვითმფრინავით, ფრენის წინ "იღბლის მომტანი" ხურდები თვითმფრინავის ძრავაში შეყარა.
ამის გამო ფრენა გაუქმდა: თვითმფრინავის აფრენის წინ თანამშრომლებმა ძრავასთან დაყრილი რამდენიმე მონეტა შენიშნეს და უსაფრთხოების გამო მგზავრები ბორტიდან ჩამოიყვანეს.
შემთხვევა 2019 წლის თებერვალში მოხდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ლუ ჩაო სასამართლოზე გასული წლის ივლისში წარსდგა, განაჩენი კი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი: მას ჯარიმის სახით 17 200 დოლარის გადახდა დაეკისრა.
მონეტებს, რომელსაც ჩინეთში უძველესი პერიოდიდან იყენებენ, თანამედროვეობაში ხშირად იღბლისა თუ წარმატების მომტან სიმბოლოდაც მიიჩნევენ. როგორც ჩანს, ამჯერადაც შეშინებულმა მგზავრმა მშვიდობიანი მგზავრობისთვის სწორედ ამ მონეტებს მიანდო ბედი.
სასამართლოზე ბრალდებული ლუ ჩაოს განცხადების თანახმად, ავიაკომპანიას უნდა გაეფრთხილებინა მგზავრები, რომ ძრავაში ხურდის შეყრა არ შეიძლება.
დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, ავიაკომპანია Lucky Air მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევის გამო მას 17 200 დოლარზე მეტი ზიანი მიადგა.
როგორც ჩანს, ფრენით შეშინებულ მგზავრს მონეტებმა იღბლის ნაცვლად კანონთან პრობლემები და ფინანსური ზარალი მოუტანა.